დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, რომ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის გახორციელების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეფორმა იწყება. როგორც ოზურგეთელებისთვის ცნობილია, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი იყო ა(ა)იპ პარკირების მართვის ცენტრი.
ახლა ოზურგეთის მერიამ წარმოადგინა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, ამ ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
ოზურგეთის მერიის მიერ წარმოდგენილ განკარგულების პროექტს ა(ა)იპ „პარკირების მართვის ცენტრი“-ს ლიკვიდაციის მიზანშეწონილობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე, საკრებულომ, დღეს, მხარი დაუჭირა. საკითხის ირგვილივ საკრებულოს სხდომაზე, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა. მან განმარტა, რომ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის გახორციელება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
_ რეფორმა ემსახურება პარკირების სისტემის გაუმჯობესებას, მოწესრიგებული, კომფორტული და ხელმისაწვდომი პარკირების ადგილების შექმნას. დღეს ჩვენ მმართველობის ფორმას ვიხილავთ, გეგმას და ხედვას კი დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, საკრებულოს და ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, _ თქვა მან.
საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს საკრებულოს სამივე ფრაქციის წარმომადგენლებმა. დადებითი დასკვნა წარმოადგინა დარგობრივმა კომისიამ. განკარგულება საკრებულომ დაამტკიცა.
ავტორი