27 ივნისს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ოზურგეთში რეგიონული კონფერენცია გამართა.
კონფერენცია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა.
ღონისძიების დაწყებამდე პარლამენტარმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა
რეგიონულ საბჭოებში ქალთა გაძლიერების აუცილებლობაზე.
_როგორც ვიცით, ჩვენი მიზანია ქალთა საბჭოებში ქალების გაწევრიანება.
ჩვენ ადგილზე ჩვენს მომხრეებს ვუხსნით, რა იქნება ჩვენი მუშაობის ფორმატი. ქალთა ორგანიზაციას აქვს კონკრეტული თემატური მიმართულებები. რეგიონული საბჭო იმუშავებს ქალთა უფლებების დაცვაზე, მათ დასაქმებაზე, მხარს დაუჭერს მათ აქტივობას, _თქვა წილოსანმა.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, იმუშავებს თუ არა ქალთა საბჭო გურიაში არსებულ პრობლემების გადაჭრაზე, რაც ზოგადად არსებოს _ ეს ეხება ყოფით პრობლემებს, სოციაულრ საკითხებს, (თხილის ფასი, აგრობარათების უხეში დარღვევით გაცემა, ფასების უსწრაფესი ზრდა), წილოსანმა განაცხადა, რომ ეს მუშაობის მომდევნო ეტაპია და აუცილებლად მოხდება.
ნინო წილოსანმა თეატრში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ქალის როლსა და მნიშვნელობაზე საზოგადოებაში.
_ უნდა შემოვიღოთ შიდა პარტიული გაძლიერება. ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტს ქალები წარმოადგენენ. უნდა გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები. ქალებს შეუძლიათ, იყვნენ აქტიურები, მიზანდასახულები, სათანადო გადაწყვეტილებების მიმღები, ევროპული ღირებულებების მატარებელნი. ჩვენ არ გვესწავლება ეს, რადგან ასი წლის წინ ქალი პარლამენტარები ჰყავდა საქართველოს. ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს არა მარტო რაოდენობრივი, არამედ შინაარსობრივი. ჩვენი ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას და მათ გააქტიურებას. თუ არ ვიქნებით მეტი ქალი პოლიტიკაში, პოლიტიკა არ იქნება მშვიდი და დაბალანსებული, _ თქვა მან და საგანგებო მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ წევრ თუ მომხრე ქალბატონებს 2012 წელს არჩევნებში გამარჯვების მონაწილეობისთვის.
_ 2012-იანებს საგანგებო მადლობა უნდა გადავუხადო და ტაში დავუკრათ მათ, _ განაცხადა წილოსანმა, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.
ავტორი