მეორდება 19 აპრილის შემდგომი პერიოდი – გაიხსენეთ, მაშინ რა მდგომარეობა იყო, ზუსტად იგივე სიტუაციაა! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღის წესრიგს კეთილსინდისიერად მიყვება, ხოლო „რადიკალურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში გასაქანი ვერ ექნება“.
„იყო 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც ოთხმა რადიკალურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა. შეთანხმებას „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად ასრულებდა. პარალელურად ვხედავდით რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც შეთანხმებას ბოიკოტირებდა და რადიკალურ დღის წესრიგს არ წყვეტდა. მათ ამაში მხარდაჭერა იმ ხალხისგან ჰქონდათ, ვინც დღესაც გამოირჩევა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განცხადებით და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით – ვგულისხმობ ზოგიერთ ევროპარლამენტარს. ზუსტად იგივე სიტუაციაა. 19 აპრილის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა… მათი ვიზიტები და შეხვედრები გაიხსენეთ. მიხვდებით, რომ იგივე პროცესში ვართ. მათ მოუწევთ, პროცესში ჩაერთონ. შუალედში რა ზიანის მიყენებაც შეუძლიათ, საკუთარ ქვეყანას მიაყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.