ცნობილი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ერთ თბილისურ ამბავს არაერთხელ იგონებდა.
„ძველ უბანში, კერძოდ, ვერცხლის ქუჩაზე გავიზარდე. ახლაც მახსოვს ის ურთიერთობები, რომელიც ნაღდ თბილისურ, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოებს“ ახასიათებდა.
ტრადიციას არავინ არღვევდა, ჩვეული იუმორითა და კოლორიტულობით გამოირჩეოდა უფროსი თაობა. მაშინაც დარბოდა ქუჩაში მილიცია, იცავდა წესრიგს. ახალგაზრდები კი, ხომ იცით, რასაც უშლიან, იმას აკეთებენ და, იყო ერთი გაწევ-გამოწევა.
ერთხელ, ბიჭები ცოტა ნასვამები ვიყავით. ერთ თათარს საზამთრო მოვპარეთ ქუჩაში. დაგვინახა მილიციელმა და გამოგვეკიდა. არადა, ფორმა არ ეცვა. რომ დაგვეწია გინებ-გინებით, მივუბრუნდით და მაგრად ვცემეთ. დაგვიჭირეს, სახეზე „პროწივოგაზები“ ჩამოგვაცვეს, ფეხებში გვირტყამდნენ და თან გვეუბნებოდნენ, ქურდებს შეაგინეთო. რატომ შევაგინებდით? ჩვენ ჩვენი თავმოყვარეობაც გვქონდა – თუ არაფერს დაგიშავებს კაცი, რატომ უნდა აგინო?! „შევჯექით ჯორზე“ და არ შევაგინეთ.
მაშინ თბილისში მართლაც იყვნენ ავტორიტეტული ქურდები, მათ სიტყვას და ქცევას პატივს სცემდნენ. გვირტყეს და გვირტყეს, მაგრამ, არ შევაგინეთ. გავიდა დრო, ის ნაცემი მილიციელი მერე სუფრასთან გავიცანი. ერთად დავლიეთ, დავმეგობრდით და ის ცემაც ასე ხახვივით შეგვრჩა ბიჭებს. გავიდა წლები და გავიგე, საწყალი, აფხაზეთის ომში დაღუპულა. დამწყდა გული, მაგრამ ჩემს საქციელს უკან ვეღარ წავიღებდი“.
ავტორი