უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო პოლონეთში საქველმოქმედო საჩოგბურთო მატჩებს დაესწრო, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა. პოლონეთში ვიზიტის დროს, შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე და რიგითი მოქალაქეები უკრაინაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ქვეყანამ ცხოვრება და არსებობა განაგრძოს.
“ომი ომია, თუმცა, ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე და რიგითი მოქალაქეები უკრაინაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ქვეყანამ ცხოვრება და არსებობა განაგრძოს. მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ყურადღება არ მოადუნონ. სპორტსმენებიც უნდა გაერთიანდნენ და მსოფლიოს მკაფიო სიგნალები გაუგზავნონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ საზოგადოების ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება დახმარება და ერთიანობა, რათა ეს ომი შევაჩეროთ. ომის დაწყებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა”. _ თქვა შევჩენკომ.
ანდრეი შევჩენკო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავის 17 წლის შვილთან, ჯორდანთან ერთად საზაფხულო სკოლას ესტუმრა, სადაც დევნილი უკრაინელი ბავშვები რეაბილიტაციის პროცესს გადიან და განათლებას იღებენ. იქ შევჩენკომ დევნილი უკრაინელი ბავშვების შესახებაც ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ,,საკმარისი არ არის, რომ ბავშვები ომს გავარიდოთ, ჩვენ ისინი მისგან უნდა გადავარჩინოთ“.
“ომის შედეგად, გასულ 5 თვეში თითქმის 3 მილიონ უკრაინელ ბავშვს მოუხდა იძულებით საკუთარი სახლის დატოვება. ომისგან მიღებული ფიზიკური დაზიანებები ისედაც ცხადია, თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც ამ ახალგაზრდებმა სამხედრო კონფლიქტის შედეგად მიიღეს. საკმარისი არ არის, რომ ეს ბავშვები ომს გავარიდოთ, ჩვენ ისინი მისგან უნდა გადავარჩინოთ”. – განაცხადა შევჩენკომ.
ავტორი