„ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 50 მილიარდი პლანეტაა, რომელთა შორის, შეიძლება, სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი 500 მილიონი იყოს“, – განაცხადა ამერიკელმა სწავლულმა უილიამ ბორუცკიმ. ბორუცკი იმ ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც კოსმოსურ ტელესკოპ „კეპლერზე“ მუშაობს.
„კეპლერის” ძირითადი მიზანია, მისცეს წარმოდგენა ასტრონომებს იმის შესახებ, დაახლოებით რამდენი პლანეტა არსებობს ჩვენს გალაქტიკაში, სადაც თეორიულად შეიძლება, არსებობდეს სიცოცხლე.
„კეპლერი” აკვირდება ვარსკვლავური ცის შედარებით მცირე მონაკვეთს – ესაა სექტორი, რომელიც შეადგენს ციური სფეროს 1/400 ნაწილს. ტელესკოპი მიმართულია გედის თანავარსკვლავედზე, სადაც დაახლოებით 150 ათასი ვარსკვლავია.
მოცემული მომენტისთვის ტელესკოპმა აღმოაჩინა 1 235 პლანეტა-კანდიდატი, რომელთა შორის 54 იმყოფება „სიცოცხლის ზონაში”, ესე იგი ისეთ მანძილზე ვარსკვლავიდან, რომელიც საშუალებას აძლევს წყალს, პლანეტის ზედაპირზე დარჩეს თხევად მდგომარეობაში, რაც სიცოცხლის არსებობის ძირითადი პირობაა.
უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლისთვის ვარგისი ნახევარი მილიარდი პლანეტა იმყოფება მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, მთლიანად კი, მთელს სამყაროში, 100 მილიარდი გალაქტიკაა.
ავტორი