გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი, მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.