სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.
პროკურატურამ, სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.