ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის კუნძულის მდებარე ზღვებში თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
აღნიშნული წვრთნები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა.
სამხედრო წვრთნები რამდენიმე ადგილზე ტარდება, კუნძულიდან 12 მილის მანძილზე. ცნობილია, რომ გამოიყენებენ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალას. წვრთნებში მონაწილეობას როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები მიიღებენ.
წვრთნები, რომლებიც ვრცელდება ექვს ადგილმდებარეობაზე, კვირას, 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის და ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ბლოკადის ტოლფასია.
ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი სტატუს კვოს შეცვლას ცდილობს და წვრთნებს საზღვაო-საჰაერო ბლოკადად აფასებს. ქვეყნის მთავრობამ თქვა, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე სამინისტროზე კიბერშეტევა მოხდა.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა.
ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ “დემოკრატები ერთად დგანან” საერთო გამოწვევების წინაშე.
ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: “ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება”.
ავტორი