დედი, მამი, წავედი. ღმერთია ჩვენთან. დედი, ილოცე საქართველოსთვის. სანთელი იოანე ნათლისმცემელში ამინთე, სადაც მოვინათლე”, _ ჩოხატაურელი მალხაზ (ვაჩე) ვაჩეიშვილის ეს მინაწერი დედამ დავითის ფსალმუნზე ნახა.
მალხაზი მის მიერ ჩამოყალიბებულ მთასვლელ მაშველ ჯგუფთან ერთად აფხაზეთის ომის პირველი დღიდანვე ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
თავის ჯგუფთან ერთად დაიხსნა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ცხედარი. იგი იბრძოდა ოჩამჩირეში, ტამიშში, ბესლახუბაში, ოხურეიში, ილორში, ცაგერში. ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებისას, მაშინ, როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა, გმირულად დაიღუპა. პატრიარქის სულიერი შვილი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს…
დარჩა დაუმთავრებელი მისი ცხოვრების წიგნი, ლექსები, ჟანრული თუ ლირიკული სცენები, მონოლოგები, ჩანახატები, რომელთა უმეტესობას მხოლოდ საკუთარ “მეს” ანდობდა…
ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით აღინიშნა მალხაზის თავგანწირვა… _ ვაჩეს გმირობის შესახებ “გურია ნიუსთან” მალხაზის დამ, მანანა ვაჩეიშვილმა ისაუბრა.