„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მთისპირში დაიწო მუშაობა თამარ მეფის ციხის რეაბილიტაციაზე. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 103 000 ლარი და მასზე მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. შედეგად კი მეოთხე საუკუნის ძეგლის კონსერვაცია და ოზურგეთში კიდევ ერთი ტურისტული ლოკაციის შექმნა მოხდება“, _ ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება, არის ნაგომრის კულტურის სახლი. რეაბილიტირებული და განახლებული შენობა გამორჩეული იქნება თავისი სილამაზით და არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 84000 ლარამდე და მასზეც მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
ვიწყებთ სოფელ ხრიალეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 714 000 ლარს შეადგენს და სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლით უზრუნველყოფილი იქნება 120-მდე ოჯახი.
წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას ვიწყებთ ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, ე.წ. მეთორმეტე ბრიგადის დასახლებაში. სამუშაოების ღირებულება 468000 ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდეგ წყლით უზრუნველყოფილი იქნება 80-მდე ოჯახი.
ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში უკვე დავიწყეთ სოფელ ნაღობილევში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ.
წყლის მომარაგების სისტემაზე პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და მალე დავიწყებთ სოფელ ოზურგეთის, მერიის, კონჭკათის, ხვარბეთის, თხინვალის, გოგორეთის და ნაგომრის წყლის ქსელის დაგეგმარებას, რომლის პროექტირებაც წლის ბოლომდე მოხდება.
დაბა ნასაკირალში წყლის ქსელის მოწყობაზე კონტრაქტი შევუწყვიტეთ კომპანიას, რომელიც არაჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს. ახლა აქტიურად მინდინარეობს დარჩენილი ნაწილის პროექტირება. ამ პროექტს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
აქტიურად მიმდინარეობს ცხემლისხიდი-დვაბზუს წყალმომარაგების სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები წყალშემკრები ნაგებობის მოსაწყობად“, _ განაცხადა ოზურგეთის მერმა.
(R)