მანქანის საქარე მინაზე პარკირების ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდა. ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით უკვე დაამტკიცა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით.
კანონპროექტი ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.
ამასთან, ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.