გერმანიაში ქართველი ემიგრანტი, ნოდარ ყიფიანი გარდაიცვლილი იპოვეს,_ინფორმაციას “შოთო სიხარულიძე/ქართველი ემიგრანტები” ავრცელებს.
40 წლის მამაკაცი გერმანიის ქალაქ აახენში ცხოვრობდა.
შოთო სიხარულიძის თქმით, ნოდარ ყიფიანს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რაც შეეხება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, გულის შეტევა სახელდება.
“გარდაიცვალა ემიგრანტი ნოდარ ყიფიანი მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა უცხო მიწაზე… უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე.
ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა”,_ წერს შოთო სიხარულიძე.