რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია იწყება,_ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„სპეცოპერაციის მთავარი მიზნები უცვლელი რჩება: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია სრულად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კი ნაწილობრივ. ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად აუცილებლად ვთვლი, მხარი დავუჭირო ნაწილობრივ მობილიზაციას. მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყება”,_ განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებულ ძალებში, აქვთ კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო პირობები რეფერენდუმების ჩასატარებლად დონბასსა და იმ ოლქებში, რომლებმაც რუსეთს მიმართეს.
რუსეთის პრეზიდენმა აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის განადგურება სურს, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში ყველა საშუალებას გამოიყენებს.
“დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება და განადგურებაა. უკვე პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაშალეს, ახლა კი საკუთრივ რუსეთის ჯერი დადგა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემთხვევაში რუსეთი გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას. ეს ბლეფი არაა“, – განაცხადა პუტინმა.