უკვე ორი კვირაა, ოზურგეთში თხილის, თითქოს დასტაბილურებული ფასი, კიდევ დაეცა _ “გულშიშველას“, ხშირად, დიდი ხვეწნის შემდეგ, ერთ კილოგრამს ორ ლარად იბარებენ. “ბერძნულას” კი _ 3,30 ლარად.
როგორც აქ ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ “ბერძნულას” ყოველი ათი მარცვლიდან რვა მაინც იქნება საღი, მხოლოდ ოთხ ლარს გადაიხდიან.
_ ესეც ბევრი უნდა მოიტანოს გაყიდვის მსურველმა, რომ ასეთი ფასი გადავიხადოთ! _ ამბობენ მიმღებ პუნქტებში.
ამ სეზონის მანძილზე, 19 სექტემბერი იყო პირველი დღე, როცა თხილის მიღება სრულიად შეწყდა და დილით ადრე სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა რაოდენობის თხილი, ზოგს ჩანთით, ზოგს ტომრით, ზოგს კიდე პოლიეთილენის პარკით ეჭირა, ამაოდ ცდილობდნენ ჩაბარებას.
თხილის ყველა მიმღებ პუნქტთან თუ ქუჩაში მდგარ ოპერატორებთან, ხალხი “მეთხილეებს” რომ ეძახის, ჩოჩქოლი იყო _ აქ არც ერთი დასახელების თხილს არ იბარებდნენ.
რეალიზატორები უხარისხო თხილზე საუბრობენ: “როცა ამინდი შეიცვალა, წვიმის შემდეგ შეგროვებული, დამპალი თხილი მოაქვთ და როგორ ჩავიბაროთ?” _ ამბობდნენ ისინი. თუმცა, არც ერთი ჯიშის და ხარისხის თხილს არ იბარებდნენ, თუნდაც საუკეთესო ყოფილიყო. კითხვაზე, თუ რა ხდება, რატომ არის შეფერხება, ამბობდნენ, რომ არაფერი იციან.
_ სიცხე აქვს თხილს, სიცხე, 41 გრადუსი, რატომ ვერ გაიგეთ?! _ ხუმრობდნენ წულაძის ქუჩაზე მდებარე პუნქტებთან თხილის ჩასაბარებლად მისული გურულები.
_ სოფელ ოზურგეთიდან დილაადრიან ჩამოვედით. შაქრის ფული არ გვაქვს. ყურძენი დამწიფდა და მარცვლები ცვივა… საკვები პროდუქტი იკითხეთ _ გაყინული ქათმის კუჭის ერთკილოგრამიანი შეკვრა ცხრა და ათი ლარი ღირს. მართლაც რა ვთქვი ამ ცხოვრების და ამ მთავრობის! აგერ ხალხი ხუმრობს და კი არის ჩვენი საქმე სალაზღანდაროდ! ვინც ამ თხილის საქმეს თავი ვერ მოაბა და ეს მხოლოდ ხელისუფლების ნებაა, უბრალო ადამიანებს ნუ გვადანაშაულებენ. მართლა არ აქვს უნამუსობას საზღვრები, _ ბრაზობენ თხილის ჩასაბარებლად მოსული ნინო და მაია ვასაძეები, თინა შავაძე. ზოგი კი, როდესაც ვინაობას ვეკითხებით, ბრაზობს _ თხილის წამღების, უფრო სწორად წამრთმევის გვარი იკითხეთ და ის გაარკვიეთ, _ გვეუბნებიან ისინი.
_ ნერვებს ნუ გვიშლით! _ ბრაზობენ თხილის მიმღები ქალბატონებიც, რომლებსაც აღიზიანებთ კითხვები, რომელიც ხალხს აქვს და რომლის გამოც არაერთხელ მოგვმართავენ რედაქციაში.
მიუხედავად თხილის “ბუტკების” მფლობელთა კატეგორიული უარისა, რომ თხილს არ ჩაიბარებდნენ, ცალკეულ პირებს მაინც უწონიდნენ თხილიან ტომრებს და კუთხეში ალაგებდნენ.
_ თუ არ იბარებთ, თან ფასი არ იცით, რატომ წონით თხილს? _ ვკითხეთ მათ.
პასუხი ყველგან ერთნაირი მივიღეთ: “შინაურია, ჩამოტანილი აქვს ახლა თხილი და ვიტოვებთ, გვეცოდება… როცა ფასს გავიგებთ, გადავუხდით“.
ვინ არის “ის“, ვისგანაც ახლა თხილის ფასის კარნახს სულმოუთქმელად ელოდებიან სადღაც “ზემოდან“, პასუხს არავინ გვცემს, ყველა დუმს და მხოლოდ ტელეფონებს დასცქერიან.
თხილის ფასის ასე დაცემას და სრულ განუკითხაობას, რიგითი ადამიანების უმეტესობა გამუდმებით ხელისუფლებას აბრალებს და ამბობენ, რომ ბიზნესის თავისუფლების მომიზეზება აქ არაფერ შუაშია.
ელიკო ქავთარაძე, დიასახლისი, თხილის ჩამბარებელი: “რომელ დამპალ თხილზე საუბრობენ? რანაირად არის დამპალი, როცა საღი თხილი მაქვს? ვეუბნები, ნახე, თუ ნაწვიმარზე შეგროვებული და უვარგისია, ნუ მიიღებ, თუ არა წესიერი ანაზღაურება მომეცი–თქო. რა პასუხს ვიღებ? მაინც ვერ გადაგიხდი ორ ლარზე მეტსო… რა სინდისია, რა მიდგომა? სანამ უნდა ვიყოთ ასე? ახლა გაჭირვებით ვაგროვებ თითოეულ ლარს, იქნებ 500 ლარამდე შევძლო შეგროვება, რომ მერე თურქეთში გადავიდეთ და ზამთრისთვის პროდუქტი მოვიმარაგოთ… ყველა იქ დადის, იმიტომ, რომ ყველაფერი შედარებით იაფია ახლა. აბა, აქ ზეთის და სხვა პროდუქტის ფასს ახლოს ვერ მიეკარები. უბრალო მაკარონის შეკვრები, არც ისე დიდი ხნის წინ, ლარი რომ ღირდა, ახლა 4 ლარი ღირს. რა უნდა ვქნათ? ან რატომ უნდა ვნატრობდეთ თურქეთში გადასვლას და იქ პროდუქტის შეძენას?”
გიგა სალუქვაძე, სოფელ ლიხაურის მკვიდრი, თხილის პლანტაციის მფლობელი: “თხილს ისეთი სასაცილო ფასი აქვს, ერთ ლიტრ ზეთს, ხუთი კილოგრამის საფასურად თუ იყიდი. იმასაც არ იბარებენ. რეკავენ სადღაც “ზემოთ“, ვიღაცას ჩაბარების ნებართვას თხოვენ… თუ კახეთში ყურძნის ამბავი მოაგვარეს და სახელმწიფო ეხმარება ქარხნებს, მერე კი ისინი ყიდულობენ გლეხებისგან, რა გახდა ეს გურია, რა უსაშველო სჭირს ამ თხილს? მეტი შემოსავალი ჩვენ რა გვაქვს? ნება არ არის და მორჩა! მიშვებულია ყველაფერი. ილაპარაკე რამდენიც გინდა…”
გიზო ხინთიბიძე, ოზურგეთის მკვიდრი: “მე თხილი ბევრი არ მაქვს. თუმცა, რაც მაქვს, იმასაც მოვჭრი მალე. არც ყურძნისთვის იკლავს აქ ვინმე თავს. კახეთი დიდია, პროტესტი გამოთქვა ხალხმა, მერე ქარხნებმა შეისყიდეს. ვინ ეხმარება ქარხნებს? ბიუჯეტი ვისია? ხალხის კი არაა, უფრო მთავრობისაა. ვიღაცას ხელს აძლევს, რომ ყურძენი იყიდოს ერთ ლარად, მერე კი ერთი ლიტრი ღვინო ძვირად გაყიდოს. იანგარიშეთ, თუ ასე არაა. ერთ ლიტრ ყურძნის წვენს 2 კილოგრამი ყურძენიც არ სჭირდება. მერე კი ზოგან, ერთ ლიტრს 50 ლარადაც ჰყიდიან. თუმცა, ასეა თუ ისე, როცა კახეთში ხდება ყურძნის სუბსიდირება და თხილთან მიმართებაში ამაზე არავინ ფიქრობს…”
“თხილის ირგვლივ რაც ხდება და მრავალი წელია, რომ ეს პრობლემა არ დარეგულირდა, რა თქმა უნდა, მთავარ როლს აქ მაინც სახელმწიფო უნდა ასრულებდეს.
როცა ვამბობთ, რომ ბიზნესში არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება და ამ დროს ყველგან იგრძნობოდეს, რომ ეს პირიქითაა.
შიდა და გარე ბაზარი უნდა აკონტროლოს სავაჭრო პალატამ. აბა, რისთვის არსებობს? ის უნდა იყოს დამოუკიდებელი კომუნიკატორი სახელმწიფოსა და ხალხს შორის!
ზოგადად, თხილს პრობლემები აქვს. ათიდან მხოლოდ სამი კაკალი რომ არის საღი, არ იყიდის მყიდველი! თუმცა, ამ დღეში რომ არის თხილი, ამ მდგომარეობიდან სრულყოფილად უნდა გამოვიყვანოთ და ამისთვის გლეხს სჭირდება სუბსიდირება! ნახევრად გაკეთებული საქმე ხეირს არავის დააყრის! გასულ წელს, თხილის ფასის ვარდნის გამო, ხალხმა ჩაიქნია ხელი და აღარ გააგრძელა თხილის შეწამვლა, მოვლა… შედეგიც სახეზეა. რატომ აკონტროლებს, ვთქვათ, თხილის ფასს სამეგრელო? როცა ვიღაც ფასს აკონტროლებს, ორი ლარი ეღირება თუ შვიდი, არ აქვს მნიშვნელობა _ მის ხასიათზეა ფასის საქმე და რასაც უნდა, იმას იზამს! ასეთ მდგომარეობასთან მიგვიყვანა არასწორმა პოლიტიკამ. არ უნდა გაგვქონდეს ქვეყნის გარეთ პროდუქცია, აქ უნდა ხდებოდეს თხილის გატეხვაც, რეალიზებაც სხვადასხვა ტკბილეულის დასამზადებლად. კანფეტის ქარხნის აშენება რატომ ვერ უნდა ხერხდებოდეს? ესეც თვითმფრინავების ქარხანა ხომ არ არის? ამიტომაც ხდება, რომ მიაქვს 5 ლარად, 2 ლარად და მერე აქეთ შემოდის, ვთქვათ, კანფეტი “რაფაელო“, 40 ლარად“, _ ამბობს მეწარმე დავით თენიეშვილი.
მისივე აზრით, ფერმერს ერთ კილოგრამ თხილთან მიმართებაში, 50-თეთრიან სუბსიდირებას მაინც უნდა სთავაზობდნენ, რაც მას წელში გამართავდა: “ასე ხდება თურქეთში და რიგ მოწინავე ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ზრუნავენ. მარჩენალია სოფლის მეურნეობა და იმიტომ. ქვეყანას რად უნდა ქარხნები, ფაბრიკები, თუ ჯერ საკვები პროდუქტები არ ექნა? ამიტომ ცდილობენ, ჯერ ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ძლიერი სოფლის მეურნეობა“, _ ამბობს დავით თენიეშვილი.
“თხილის პრობლემა მოურჩენელ და მოუგვარებელ დილემად არის ქცეული. აუცილებელია, პირველ რიგში, თხილი გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის! მისი მოვლა, შეწამვლა, ნიადაგის დოლომიტით განოყიერება, აგროწესების სრული დაცვა აქტიური კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს. მერე უნდა ვისაუბროთ მის ყიდვა –გაყიდვაზე, შიდა და გარე ბაზარზე! ამ საქმეში კი, უმთავრესი როლი მაინც სახელმწიფოს ეკუთვნის და ცალკეული ფერმერების მცდელობა საქმეს წინ ვერ წაიყვანს“, _ გვეუბნება მეცნიერი, ფიტოპათოლოგი ლამზირი ბერიძე.
ასეთივე აზრს გამოთქვამს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი:
“როცა თხილი არის სტრატეგიული კულტურა და განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაში, საგანგებო ყურადღება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. სოფლის მეურნეობის პროდუქციის 75-80 პროცენტი მთელ მსოფლიოში სუბსიდირებულია! რატომ არ უნდა იდგმებოდეს ასეთი ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში? და თუ ცალკეულ შემთხვევაში მსგავსი ხდება, ეს ჯერ კონკრეტული პირების სარგებლიანობისთვის არის გამიზნული და არა გლეხისთვის…
კითხვაზე, “რა ეშველება” თხილს, რომელიც ასე ხშირად ისმის, პასუხი, არის ის, რომ არაფერი არ ეშველება, თუ მას მაქსიმალური ყურადღება არ დაეთმო სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სტრატეგიულ კულტურას. ზედმეტია რაღაც ასოციაციების შექმნა, სადაც ჯერ ამ ასოციაციაში დასაქმებულის ხელფასზე ფიქრობენ და მერე ფერმერს SMS-ით უგზავნიან შეტყობინებას, როდის შეწამლოს ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობი“, _ ამბობს აკაკი ღლონტი.
ავტორი