ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატის და ლოტბარის, ხელოვნების ქურუმის ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილე მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნით და საზეიმო კონცერტით აღინიშნა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში.
ვარსკვლავის გახსნაზე ანსამბლები – „შვიდკაცა” და „შემოქმედი” და ტრიო „შალვა ჩემო” რამდენიმე სიმღერით წარსდგნენ.
ლოტბარს იუბილე მიულოცეს ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმაც.
მომღერლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა მისი უცხოელი კოლეგების მილოცვა, რომლებმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მიულოცეს.
“ემოციები ძალიან დიდია. ასეთი დაფასება თუ მექნებოდა, არ მეგონა. ყველას მადლობა, ვინც ჩემთან ერთად გაიზიარა დღევანდელი დღე. სიმღერა და ხელოვნება ჩემთან ერთად ისე არის, რომ მის გარეში არ შემიძლია. ამიტომ კიდევ ვაპირებ მომავალ თაობასთან ვიმუშავო და მათ გვერდით ვიდგე.“ – თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ტრისტან სიხარულიძემ.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
გაცნობებთ, რომ ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო 1 ოქტომბერს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში ჩატარდება.
ავტორი