ბოლო საათების განმავლობაში მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მიხეილ სააკაშვილი ვეღარ იღებს საკვებს, ვეღარ ახერხებს მასთან მისულ ვიზიტორებთან საუბარს, ვეღარ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არ იღებს მედიკამენტებს და რეალურად სიკვდილს ებრძვის.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვივა მედი პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე იხსნის და შეკითხვებით მისულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას პენიტენციურ სამსახურთან ამისამართებს.
“ვივა მედთან” იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.
გიორგი ჩალაძემ მესამე პრეზიდენტს გადაადგილებისთვის ცოტა ხნის წინ, ხელჯოხები მიუტანა.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში განცხადება გააკეთა ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა “ოცნების” ხელისუფლებას.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ითხოვენ, მასთან ექიმი ჯეიმს კობის შეშვებას იმისთვის, რომ ექსპერტიზა ბოლომდე მიიყვანოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
მისივე თქმით, ის არ სვამს წამლებს, ვერ იღებს საკვებს. აქვს ტემპერატურა და წნევა.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, რა შედეგი გამოიტანა გუშინდელმა სასამართლო პროცესმა ვხედავთ ყველაფერს. ტემპერატურა აქვს 38, წნევა მაღალი, აკანკალებს, რაღაც ძალიან ცუდი სურათი არის. ახლა სათანადო კვლევები ჩაუტარდება, მედიკამენტებს არ სვამს, ვერ ჭამს, წამლებს არ იღებს იმიტომ რომ ამბობს, რომ შედეგი არ აქვს ამ წამლებს” – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
წყარო: მთავარი არხი