POLITICO ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში, NATO-ს ბაზებზე გაუმჯობესებული და ზუსტი ბირთვული ბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გაუმჯობესებული B61-12 ტიპის საჰაერო გრავიტაციული ბომბების ევროპაში განთავსება მომავალ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, ახლა კი, დეკემბერში უნდა განათავსონ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა NATO-ს მოკავშირეებთან გასულ თვეს, ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
POLITICO აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი გულისხმობს ძველი იარაღის ახალი ვერსიით ჩანაცვლებას ევროპის იარაღის საცავებში. აღნიშნული ქმედების მიზეზი კი, მოსკოვის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ მზარდი დაძაბულობა გახდა. ეს გულისხმობს, რომ დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს.
გამოცემა წერს, რომ B61 პროგრამის განახლებები წლების განმავლობაში ღიად განიხილებოდა ბიუჯეტის დოკუმენტებში და საჯარო განცხადებებში.
პენტაგონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ განახლებები აუცილებელია მარაგის მოდერნიზებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გენერალმა პატრიკ რაიდერმა politico-სთან წერილობით ინტერვიუში განაცხადა:
“ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ბირთვული არსენალის დეტალების განხილვას, თუმცა აშშ-ს B61 ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს და გეგმავს ჩაანაცვლოს ძველი იარაღი განახლებული B61-12-ით. ვერსიები არის დიდი ხნის დაგეგმილი და მოდერნიზაციის სურვილის ნაწილია. ის არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და არანაირად არ დაჩქარებულა”.
POLITICO აღნიშნავს, დამკვირვებლების ნაწილი შიშობს, რომ ამან შეიძლება, კიდევ უფრო დაძაბოს ისედაც სახიფათო სიტუაცია ევროპაში.
გამოცემა წერს, რომ ბრიუსელში შეიარაღების ჩანაცვლების პროცესის დაჩქარებაზე NATO-ს ბირთული წვრთნების, Steadfast Noon-ის დაწყებამდე ისაუბრეს.
მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, NATO-ს წევრები გამოთქვამდნენ, რომ არ უნდა დანებდნენ პუტინის ბირთვულ შანტაჟს.
POLITICO-ს ინფორმაციით, ორკვირიანი წვრთნები კვირას, 30 ოქტომბერს დასრულდება. მასში 70 თვითმფრინავი მონაწილეობს.
კრემლის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, რუსეთმა ჩაატარა ბირთვული წვრთნები, რომელიც მისმა თავდაცვის ხელმძღვანელმა აღწერა, როგორც „მასიური ბირთვული დარტყმის“ სიმულაცია რუსეთზე ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ.
ავტორი