სამკურნალოდ არა მარტო შინდის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლები, ქერქი და ფესვებიც გამოიყენება. ნაყოფს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შემკვრელი და ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებები, ქერქს – მატონიზებელი და აღმგზნები. ნაყენს იყენებენ დიარეის დროს. მისი ეფექტიანობა გაიზრდება თუ პიტნის ნახარშს დაამატებთ. ის შველის მწვავე დიარეასაც კი, რადგან აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც თრგუნავს ტიფურ–დიზენტერიის ჯგუფის ბაქტერიებს. ზოგიერთ ქვეყანაში შინდის ფესვების ნახარშით მკურნალობენ რევმატიზმს, ხოლო დიარეას – კურკის ნახარშით.
იაპონურ ხალხურ მედიცინაში შინდს იყენებენ მატონიზებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად, წელის ტკივილის, გახშირებული შარდვისა და ყურებში ხმაურის დროს. ხოლო ამერიკელი აბორიგენები შინდის ქერქითა და ფესვებით მკურნალობენ მალარიას. ჩვენში ამზადებენ შინდის შეჭამანდს, რომელიც საუკეთესოა მაღალი ტემპერატურის დროს, ნაყოფის ნახარშს – ყელის ტკივილის, დიარეისას და სხვ.
შინდის ხის ქერქი, რომელსაც ანთებსაწინააღმდეგო თვისება აქვს, განსაკუთრებით სასარგებლოა ციებ–ცხელების დროს, მასაც ჟოლოსმაგვარი თვისება აქვს – კურნავს გრიპს. შინდს იყენებენ კუჭიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, როგორც სისხლის შემაჩერებელ საშუალებას.
ქერქის ნახარშისა და ქერის ფქვილის ნარევი აჩქარებს იარების შეხორცებას, ხოლო თავის ტკივილს შველის შინდის ნახარშის სველი საფენები.