პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხის ძალას” შეუერთდნენ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს ” რიგები დატოვეს მერაბ უღრელიძემ და პაატა კოხრეიძემ.
სოფლებში, ეწერში და იანეთში მცხოვრებლები მერაბ უღრელიძე და პაატა კოხრეიძე 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და სწორედ ამ პარტიით მოხვდნენ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებაში. ორივე მათგანი, დღემდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატია. უფრო მეტიც, მერაბ უღრელიძე წინა ორი მოწვევის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, ზედიზედ ორჯერ იკავებდა. 2021 წლის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევის შემდეგ მერაბ უღრელიძე საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.
“ვრჩებით ,, ქართული ოცნების ” მხარდამჭერებად. დღევანდელ სიტუაციაში არ ვიქნებით რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ის, რისი თქმაც წინასწარ შემიძლია, გვინდა, მეტი მართალი სიტყვა მივიტანოთ მოსახლეობამდე”,– განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ, კანონიდან გამომდინარე, ამ დღეებში მერაბ უღრელიძეს კომისიის თავმჯდომარის უფლება მოსილება შეუწყვიტა.
ავტორი