ოზურგეთის ბაზარში და ყველა სავაჭრო სივრცეში სადაც მარცვლეულს და ფქვილს ყიდიან, დღეს მხოლოდ ფრინველისთვის განკუთვნილ წითელ, წვრილმარცვლიან სიმინდს თუ შეხვდებით.
_ფქვილს 4,50 ლარად ვყიდი. სიმინდი არ არის, რა 5 ლარი? საერთოდ აღარ არის … _ გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზრში.
_წისქვილი რომ გიდგათ, აბა, რას ფქვავთ?
_ვერ ხედავთ? გაჩერებულია! ეს ფქვილი ცოტა შინიდან წამოვიღე. მალე ამასაც ვერ შეველევი. თეთრი, ხარისხიანი სიმინდი საერთოდ აღარ სემოდის! იკითხეთ, ჩემი თუ არ გჯერათ! ეძებს ხალხი საყიდლად და არსად არ არის, _ გვეუბნება გამყიდველი.
_რომ ვიკითხეთ, ამიტომ დავინტერესდით!
_ჰოდა, არაა. მიჩერებული ვართ, იქნებ, ვინმემ შემოიტანოს…თუმცა, უკვე საერთოდ არავის შემოაქვს…არ არის! -დამარცვლით შემოგვწყრა გამყიდველი.
მართლაც, ბაზრის მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარევაჭრობის სივრცეში, თეთრი, ცნობილი აბაშური ჯიშის სიმინდი, არსადაა. როცა ამ დროს (სხვა დროსაც) ყველგან იდგა სიმინდით სავსე ტომრები.
_კი, ბატონო, ვყიდიდი ყოველთვის. თხინვალში ვცხოვრობ. ჭახვათაში ერთი ჰექტარი ფართობი ძლივს დავთესე და ტონანახევარი სიმინდი გაჭირვებით ავიღე. საშინელი ამინდები იყო. ზოგადად კი ხალხმა ვერ დათესა…ასეთი წელი მართლა არ მახსოვს. აღარაა სიმინიდი… _ გვითხრა მარცველულით მოვაჭრე მამაკაცმა, რომელიც გურიის ქუჩაზე მრავალი წელია, მარცვლეულის გაყიდვითაა დაკავებული. ვინაობის დასახელება კი არ ისურვა.
ოზურგეთის ბაზარში ახლა მხოლოდ შინაური პირუტყვისა და ფრინველისთვის განკუთვნილ მარცვლეულს თუ იყიდით. ფასები კი ასეთია: ხორბალი 1,30 ღირს, ქერი 1,50, წითელი, წვრილმარცვლიანი სიმინდი 1,30 ან 1,50 ლარი. რაც შეეხება ცნობილ ბატიბუტას ჯიშს, აქა-იქ თუ ნახავთ და ისიც გამყიდველ ქალბატონებს, პლასმასის ქილებსა თუ ბოთლებში ჩაყრილი და თავმოკრული, გამოკიდებული აქვთ თავიანთ ფარდულებში.
_რა გაცინებთ? ჩრჩილისგან ვიცავთ ასე! სადღაა სიმინდი, სიცილი კი არა, მალე სატირლად იქნება საქმე, სიმინდი აღარაა! – თავადაც გაიღიმა ქალბატონმა, როცა „ჭერში“ ჩამოკიდულ სიმინდზე ვკითხეთ. მალე, სიმინდის დეფიციტის შეხახებ , ვრცლად გიამბობთ „გურია ნიუსში“.
ავტორი