გუშინ კატარის მუნდიალზე კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სერიოზული მიზნები ამოძრავებს და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.
ინგლისის ეროვნული გუნდი მატჩის დასაწყისში აფრიკის ამჟამინდელი ჩემპიონის, სენეგალის ნაკრების დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ საბოლოოდ ევროპული გუნდის მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა. „ნისლიანი ალბიონის“ კრებულმა დიდი ანგარიშით იმარჯვა – 3:0.
გუშინ კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის ლიდერი ნეიმარი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ნეიმარმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა, 30 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა თითქმის მოირჩინა და ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო პერსონალი იმედოვნებდა, რომ ნეიმარი სამხრეთ კორეასთან განაცხადში მაინც იქნებოდა, რათა შეცვლაზე გამოსვლის შესაძლებლობა მისცემოდა.
გავიდა რამდენიმე საათი და ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ დაადასტურა, რომ ნეიმარი გამოჯანმრთელდა და მერვედფინალში სათამაშოდ მზადაა.
სამხრეთ კორეასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტიტეს ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა ნეიმარი, რაზეც ტიტემ გადაჭრით უპასუხა – დიახ.
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა აშშ–სთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ბურთს ძალიან ხშირად კარგავენ და ეს კომპონენტი არგენტინასთან დაპირისპირების წინ აუცილებლად უნდა გამოასწორონ.
„მთავარი გეგმა იყო, რომ მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეები შეგვექმნა და ამ გეგმამ იმუშავა. ერთი–მეორეზე ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ, საოცარი გოლები იყო, მესამე გოლი ძალიან მომეწონა.
ბურთის ფლობაში პრობლემები გვქონდა, ბევრჯერ დავკარგეთ, როცა მეტოქეს ბურთი აქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავთ. აუცილებელია ამ კომპონენტის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით და ეს არის ის, რაც გვინდა, არა? ფეხბურთელებს ერთი დღე მივეცი დასვენებისთვის, ჩემი დანახვა აღარ მოუწევთ, ისედაც ჩემგან უკვე დაიღალნენ“, – თქვა ვან გაალმა.
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კი ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. ისინი ჩვენზე დასვენებულები იყვნენ და კარგ პრესინგს თამაშობდნენ. გუნდი არ იმსახურებდა ბოლო წუთებზე ტანჯვას, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი მატჩი იყო.
დი მარია? იმედი ვიქონიოთ, რომ ნიდერლანდებთან იქნება და დღეების გასვლასთან ერთად უკეთ იქნება. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა, თითქოს არგენტინაში ვთამაშობთ და ეს უნიკალური მომენტებია. ვან გაალთან შეხვედრა? მე „დეპორტივოს“ ფეხბურთელი ვიყავი, როცა ვან გაალი „ბარსელონას“ მწვრთნელი იყო. მისი სამწვრთნელო მეთოდების გადაღება ბევრმა სცადა და შესანიშნავი მწვრთნელია. ძალიან კარგი თამაში იქნება, ისტორიული გუნდის წინააღმდეგ. ვეცდებით, რომ ნიდერლანდების სუსტი მხარეები გამოვიყენოთ“.
ბირმინგემის „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა ემილიანო მარტინესმა თანამემამულე ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„მესი ჩვენი გუნდის 99,9%-ია, დანარჩენი პროცენტი კი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მას ეხმარებიან, როდესაც ლეოს საქმე კარგად არ მისდის. ნაბიჯ–ნაბიჯ მივდივართ წინ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ემილიანო მარტინესმა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ლეო მესიმაც:
„თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ 2:1-ით სიტუაცია გაგვირთულდა. გოლი რიკოშეტით გაგვიტანეს და შემდეგ ბუნებრივია, რომ თამაში დაიძაბა, მაგრამ მარტინესის სეივის გარდა, ბევრი პრობლემა არ გვქონია. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და წინ რთული თამაში გველოდება. ძალიან ცოტა დრო გვქონდა დასასვენებლად, ენერგია კარგად ვერ აღვიდგინეთ, დღეს კი ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩი იყო. გულშემატკივრებისგან საოცარ მუხტს და ენერგიას ვგრძნობთ, ყოველ სამ დღეში თამაში სიგიჟეა, მაგრამ ფანების გამო ეს ყველაფერი ღირს“.
ურუგვაის ნაკრების მცველ ხოსე მარია ხიმენესს სერიოზული სასჯელი ემუქრება. შესაძლოა ურუგვაელ ცენტრალურ მცველს 15-მატჩიანი სასჯელი მისცენ და ამ ხნის განმავლობაში მოედანზე გასვლა და თამაში აუკრძალონ.
ამის მიზეზი ურუგვაისა და განას შორის გამართული შეხვედრაა. სამხრეთამერიკელებს ჯგუფიდან გასასვლელად აფრიკელების კარში კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდებოდათ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დანიელ ზიბერტმა ურუგვაელებს მატჩს მიწურულს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნა, რამაც ხიმენესი მწყობრიდან გამოიყვანა.
ხიმენესი მსაჯის გადაწყვეტილებამ გააბრაზა და გაცოფებულმა მსაჯთა ბრიგადას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც 27 წლის ცენტრალურ მცველს სავარაუდოდ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ურუგვაელის სიტუაციის კიდევ უფრო მეტად მისი მოქმედება ამძიმებს. მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა ზიბერტს მხარში თავი მიარტყა, რამაც შესაძლოა დისკვალიფიკაცია 15 შეხვედრამდე გაზარდოს.
საინტერესოა რომ გუშინ, ფიფამ ურუგვაი–განას შეხვედრის მთავარი არბიტრი დანიელ ზიბერტი დასაჯა და მიმდინარე მუნდიალს ჩამოაცილა.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ურუგვაის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი – დიეგო ალონსო დატოვებს, რომელმაც ლეგენდარული ოსკარ ტაბარესი 2021 წელს შეცვალა.
ალონსოს შემცვლელთა სავარაუდო კანდიდატებში, მარსელო ბიელსასაც ასახელებენ, რომლისთვისაც სანაკრებო საქმიანობა უცხო არაა. ბიელსა არგენტინის ნაკრებს 1998-2004 წლებში წვრთნიდა, გუნდთან ერთად 2004 წელს კოპა ამერიკის ფინალი ითამაშა და ოლიმპიური ფორმაციის ნაკრებთან ერთად ათენში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.
მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების ისტორიაშ მხოლოდ მეორე უცხოელი მწვრთნელი იქნება, პირველი მისი თანამემამულე დანიელ პასარელა გახლდათ, რომელიც ურუგვაის 2000-01 წლებში წვრთნიდა.
ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გერმანიის ნაკრებში ძირეულ ცვლილებებს ითხოვს.
„თომას მიულერმა უკვე მიგვანიშნა, რომ ნაკრებიდან წასვლას აპირებს. რაღაც უნდა მოხდეს, რაღაცები უნდა შეიცვალოს. აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ ილქაი გიუნდოგანისა და მანუელ ნოიერის მომავალზეც. კაპიტანი ნოიერი 1-2 გოლში კარგად არ გამოიყურებოდა. ეს ყველამ დაინახა,“ – დაწერა შტეფან ეფენბერგმა.
ეფენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, თუმცა, ცუდი არ იქნებოდა, რომ თავის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები გააკეთოს და სხვადასხვა სიახლე შეიტანოს.
ეფენბერგმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ბერნდ ნოიენდორფი და გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფიც გააკრიტიკა: „მათაც უნდა შეისმინონ კრიტიკა. ყველაფერი ზემოდან იწყება. გერმანიის საფეხბურთო კავშირი და მისი ხელმძღვანელები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც გერმანიამ უნდა უმასპინძლოს. ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შეიძლება ფანები სულ დაკარგონ. 18 თვის შემდეგ ქვეყანაში საფეხბურთო ეიფორია თავისთავად არ იქნება. საუკეთესო საფეხბურთო განწყობა ქვეყანაში იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გერმანიის ნაკრები. ფაქტია, ბუნდესგუნდი ახლა თავის თავს კარგად ვერ ყიდის.“
გერმანიის ნაკრების ასპარეზობით უკმაყოფილია მისი ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამიც.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორი ხალხი ვიპოვოთ. ეს მუნდიალი, ისევე, როგორც წინა, ჩვენთვის კატასტროფით დასრულდა, წინ კი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც სულ რაღაც 18 თვეში იწყება.
მართალია, გერმანიის ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი ტალანტები ჰყავს, როგორებიც არიან მუსიალა, სანე, გნაბრი ან ჰავერტცი, მაგრამ მათ ასეთ დონეზე თამაშის დროს მეტი პასუხისმგებლობის აღება მოეთხოვებათ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდი კარგია, მაგრამ ულიდეროა. ჩვენი ცენტრალური მცველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ტაქტიკური დისციპლინა აკლიათ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე მომხდარიყო მათი შეთამაშება და დახვეწა. მუნდიალის წინ ზუსტად უნდა გვცოდნოდა, რომელი მცველები ითამაშებდნენ. დაცვის ხაზის სტრუქტურასა და სტაბილურობაში სწორი ბალანსი არ იყო.“
და კვლავ პოლიტიკა… გამოცემა „The Guardian“–ის ინფორმაციით, სერბეთის ნაკრების გულშემატკივრები შვეიცარიასთან მატჩის დროს ფაშისტურ სიმბოლოებს ატარებდნენ და ანტიალბანურ სლოგანებს სკანდირებდნენ.
გამოცემა „Observer“ ალბანელ გულშემატკივარს, ჰასან რაჰმანის ესაუბრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ მატჩს დაესწრო. რაჰმანი აღნიშნულ შეხვედრაზე ალბანეთის დროშით მივიდა, რომელიც არენის შესასვლელში ჩამოართვეს, თუმცა ტრიბუნებზე უამრავი სერბი იყო, რომელიც ფაშისტურ სიმბოლიკას ატარებდა. ამას გარდა, სერბები ალბანელების დამამცირებელ ტექსტებს მღეროდნენ და იყენებდნენ ტერმინ „შიპტარს“, რომელიც დასავლურსლავურ საზოგადოებებში ალბანელთა მიმართ დამაკნინებელი დამოკიდებულების მატარებელია. არენაზე შეკრებილი სერბები სკანდირებდნენ სლოგანს: „დახოცე, დახოცე, დახოცე ალბანელები – კოსოვო სერბეთის გულია!“
რაჰმანის მტკიცებით, ნივთების შემნახველი პუნქტიდან ალბანეთის დროშის აღების შემდეგ თავს 7-8 სერბი დაესხა.
„ჩემკენ დაიძრნენ, ყვიროდნენ. წყლის ბოთლები მესროლეს და გაქცევა ვცადე, თუმცა 7-8 ფიზიკურად ძლიერი კაცი მომდევდა და თავის დაღწევას ვერ შევძლებდი. უცებ პოლიციის მანქანა გამოჩნდა და მეც მივირბინე. მართალია, პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ, თუმცა სერბები შემეშვნენ. ჩემთვის ძალიან საშიში საღამო გამოვიდა, არა და მეგონა დროს სასიამოვნოდ გავატარებდი. ამ შემთხვევამ წარსულის ფიქრები დამიბრუნა, როგორც ჩანს, ტყუილად მეგონა, რომ ყველაფერი დავიწყებული მქონდა,“ – განაცხადა ალბანელმა გულშემატკივარმა.
ავტორი