არასამთავრობო ორგანიზაცია „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა“ წელიწადნახევრის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. გამგეობის წევრმა ნინო ჭელიძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული.
“გვინდა, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში დავიცვათ შშმ პირების უფლებები და ასევე, მოვახდინოთ მათი ინფორმირებულობა და გაცნობიერება მათთვის საინტერესო საკითხებზე. ამჟამად 6 წევრი არის დასაქმებული აღნიშნულ ორგანიზაციაში. არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის საჯარო სკოლებში, ასევე, სოფლებში ადმინისტრაციულ შენობებში. შშმ პირებთან ურთიერთობა დადებითისკენ შეცვლილია და სხვადასხვა უწყების თანამშრომლები შეხვედრების ჩატარების ორგანიზებაში გვეხმარებოდნენ“, _ თქვა ნინო ჭელიძემ.
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარე ფიქრია ბარამიძე: „კარდაკარის პრინციპით ჩავატარეთ შშმ პირების აღრიცხვა. ჩვენი მონაცემებით, გურიაში 100 ოჯახში არის ერთი ან მეტი შშმ პირი. ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, არ ჩნდებიან საზოგადოებრივ ადგილებში. ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირად მივაწოდოთ მათ საჭირო ინფორმაცია და მათ გვერდით ვიდგეთ“.
მისივე თქმით, გურიის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში 13 შშმ პირი სწავლობს, რომლებსაც არასათანადო პირობებში უწევთ განათლების მიღება.
“აუცილებლად უნდა აღიჭურვოს რესუროთახის საჭირო ინვენტარით, რომ ამ ბავშვებმა ნორმალურ პირობებში შეძლონ განათლების მიღება. ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამის უწყებებთან გვაქვს ურთიერთობა ან სოციალურ ქსელში ვაქვეყნებთ ინფორმაციას. კარგი იქნება საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიცია უფრო ინტერესდებოდნენ მსგავსი საკითხებით. 6 შეხვედრა გვქონდა სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ბოლო არჩევნებზე ვხვდებოდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და ვაცნობდით იმ პრობლემების შესახებ, რომლის მოგვარებაც აუცილებელია ჩვენთვის“, _ აღნიშნა ფიქრია ბარამიძემ.
ის იმედოვნებს, რომ შშმ პირები და მათი მშობლები უფრო მეტად გააქტიურდებიან და ჩაერთვებიან ადვოკატირების კამპანიაში.
“მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ მათ იბრძოლეს, რადგან მე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ვყოფილიყავი. მეც მინდა მივცე მაგალითი იმ შშმ პირებს და მათ მშობლებს. ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. მთავარია მოვინდომოთ იმის შეცვლა, რაც არ გვინდა, ან არ მოგვწონს“, _ თქვა შეხვედრაზე ფიქრია ბარამიძემ.
შეხვედრაზე შშმ პირმა ზაქრო ბერიანაშვილი დააყენა საკითხი, რომ ბოლო დროს, რაც პროექტები ხორციელდება ქალაქში ან სოფლებში უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომლის წევრები იქნებიან შშმ პირები.
“ადაპტირებული გარემო ყველა შშმ პირის ოცნებაა და როდესაც რამე ობიექტი შენდება, კარგი იქნება მონიტორინგის ჯგუფმა ნახოს მშენებლობის დეტალები. ეს თუ მოხდება, ჩემი აზრით, უფრო მეტი შენობა აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება“, _ თქვა ზაქრო ბერიანაშვილმა.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების უფროსი მაიზერ ცელაძე ესწრებოდა.
“ამ დღეებში მოხდება საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და ყველა გაეცნობა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს. ასევე, მოვისმენთ თქვენგანაც კონკრეტულ წინადადებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს შშმ პირებთან და შეძლებისდაგვარად, დაეხმარონ მათ“, _ თქვა მაიზერ ცელაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამივე მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს “ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა” მოწვეულ სტუმრებს ეფექტური თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადასცა.