უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ–ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი–ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის შესაქმნელად და ეს იქნება ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი – შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე და ჩვენს ინფრასტრუქტურაზე,” – თქვა ზელენსკიმ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ერთ–ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ზელენსკიმ თქვა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი აქცენტი იყო “უკრაინის გაძლიერება” და რომ მას ექნება “კარგი ამბავი სახლში დაბრუნების შესახებ” აშშ–ის უკრაინის დახმარების პაკეტის გამო. “ამ პაკეტის ყველაზე ძლიერი ელემენტია პატრიოტები“, – თქვა ზელენსკიმ.
ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის 1.8 მილიარდიანი დახმარება, რომელიც Patriot-ის სისტემასაც მოიცავს.
დახმარების ახალი პაკეტში კი შედის: „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და საბრძოლო მასალა; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო 155 მმ ჭურვი; ნაღმტყორცნები და ჭურვები მათთვის; 120 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWVs); ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა , აღჭურვილობა, ტაქტიკურად დაცული კომუნიკაციის საშუალებები.
ავტორი