CNN–მა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, 22 დეკემბრის სასამართლო პროცესის შემდეგ, გადაცემა მოამზადა. სააკაშვილი პროცესში დისტანციურად ჩართეს.
ტელეკომპანიას გადაცემაში სტუმრად ჰყავდა პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო და მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი.
ტელეკომპანიამ ყურადღება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზეც გაამახვილა, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ.
“მოწამლა თუ არა ის პუტინმა,“ – იკითხა ჟურნალისტმა და მაყურებლებს აჩვენა ფოტოები, 29 ნოემბრის სასამართლო პროცესიდან და 22 დეკემბრის სხდომიდან.
ედუარდ სააკაშვილი CNN-ს უთხრა, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ საკუთარი თვალით ხედავდა როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში გაუარესდა
“ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე“, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
CNN – ის ჟურნალისტმა, მიხეილ სააკაშვილი პუტინის მეტოქედ მოიხსენია. ეთერში აჩვენეს ის კადრებიც, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
“აი, რა მდგომარეობაშია პოსტ–საბჭოთა სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი დღეს. მიხეილ სააკაშვილი ნივთებს ესვრის დაუდგენელ პიროვნებას მის მშობლიურ საქართველოს ერთ–ერთ კლინიკაში. ის დაპატიმრებულია და ამბობს, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია. ეს კადრები ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, რათა მისი, როგორც თავად ამბობენ აგრესიული ქცევები გაესაჯაროებინა“, – თქვა ჟურნალისტმა.
მასიმო დი ანჯელომ თქვა, რომ ანალიზები აიღეს სააკაშვილის თმიდან და ფრჩხილიდან, ასევე ჩაუტარეს ბიოფსია მუცლის ღრუში, ნიმუშები აშშ–ის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. მისი თქმით, გამოვლინდა მძიმე მეტალები, მათ შორის დარიშხანი და ვერცხლისწყალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის მოწამლულია.
ავტორი