დღეს, დილიდან, ოზურგეთში, თაყაიშვილისა და გურიის ქუჩებზე, ბაზარშიც, აქტიური საახალწლო ბაზრობაა. ამინდი საუცხოოოა და ცოტა ესეც უწყობს ხელს საბაზროდ გამოსულ გურულებს, იუმორისთვისაც „ცხელოდეთ“. განსაკუთრებით ფასობს ინდაური. ზრდასრული, კარგი ვიზუალის ეს საკრალური საახალწლო ფრინველი, ასი ლარი ღირს.
_აგერ, ბატონო, ბახველი ინდაურია. აბა, შეხედეთ, როგორ სტარტზე დგას. რად გინდათ გოჭი? უკეთესს რას მიირთმევთ? – გვეუბნება ბახველი ქალბატონი მაყვალა პაიჭაძე და გვიამბობს, როგორ შრომობს, რამდენი სიმინდი შეჭამა ამ ინდაურმა და რომ არა ახალი წელი, გასაყიდადაც ვერ გაიმეტებდა.
ის უფრო სჯობს, შინ დავკლა და შვილებს ვაჭამოო.
_აბა, სანთლის არაყი! საუცხოოო! ზემო ფარცხმიდან ვარ. ჩოხატურიდან ჩამოვედი ამ დილით, არ გამაწბილოთ, იყიდეთ, ერთი ლიტრი 8 ლარი! საუცხოოა! – თხოვნით კი არა, სიყვარულით უფრო მიმართავს ნუკრი ცინცაძე ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს!
-ბაბუ, იაფია, 8 ლარად „პროსტა“ არაყს ყიდიან, – მკვირცხლად ეუბნება ღიმილიანი ახალგაზრდა. -რა ვქნა, ბაბუ, ვერ ვყიდი მეტად, თორემ კი ვიცი, რაც ღირს, ახალი წელი მომეწია უკან, უნდა ჩავასწრო ფარცხმაში, _ იუმორს არ იშურებს ჭარმაგი კაცი.
_რაა ეს? ნახევარჩურჩხელა ღირს ორი ლარი? 18 კეკალი უნდა იყოს შიგნით, სულ ცოტა, რაფერ ყველა გაწუწკდით? -შორიახლო, როგორც აქ იტყვიან, კაპასი გურული ქალი დაობს, საკმაოდ შეურაცხმყოფლადაც….
ერთი კილოგრამი ყველი 18-19 ლარი ღირს.
_წინა დღით, ყველი 20 ლარი ღირდა. ერთი ლარი დააკლეს თუ წონაში გვაკლებენ, გაიგე ახლა… ხედავენ, ყველა გადარბენაზე ვართ და გრამების შესამოწმებლად არ გვცალია, _ გვეუბნება ლიდა ქორიძე და ორ კილოგრამ ყველს პარკში ატრიალებს, ამას საკმაო სველი ახლავს, ერთი ლარით გაიაფებული კიარა, გაძვირებული უნდა იყოსო. აღსანიშნავია, რომ წელს, ოზურგეთის ქუჩებში, წინასააახალწლო დღეებში, ნაკლებად ისმის პიროტექნიკის აფეთქების ხმა. კანტი-კუნტადაც…
ავტორი