ჩვენი დღევანდელი სტუმრები „პოლიცა-მილიციელები“ იქნებიან. ამ პროფესიის ხალხს მუშაობა უწყვეტ რეჟიმში უწევთ და მათთვის დასვენება-ახალი წელი არ არსებობს
დღვანდელი მოგონებების პირველი სტუმარი პოლკოვნიკი ნუკრი ქანთარია ბრძანდება.
„მოსკოვში ვარ, 31 დეკემბრის საღამოა… ქალაქში საახალწლო აურზაურია… ყველას სადღაც ეჩქარება… მაღაზიები სავსეა ხალხით. სულ რაღაც, ოთხ საათში მოვა ახალი წელი! ჩემი სახლის წინ დგას დიდი სუპერმარკეტი, სადაც მე და ჩემმა მეგობარმა საყიდლებზე წასლა გადავწყვიტეთ. სახლიდან ცოლმა გამომატანა იმ პროდუქტების სია, რისი ყიდვაც თვითონ ვერ მოასწრო (იმის მიუხედავად, რომ ათი დღით ადრე დაიწყო საახალწლო მზადება). ჯერ ხომ ათი წუთი დაგვჭირდა, რომ მაღაზიაში შევსულიყავით! იმოდენა რიგი იყო, გეგონებოდა, სურსათის მთელი ერთი წლის მარაგისთვის იყო მოსული ეს ხალხი! როგორც იქნა, შევედით! სასმელი მეორე სართულზე იყიდებოდა, სადაც ესკალატორით უნდა ავსულიყავით, სურსათი კი – პირველზე. ამიტომ, გადავწყვიტე, ჯერ ცოლის სიისთვის მიმეხედა, მაგრამ დიდი სისულელე გავაკეთე, რადგან მეორე სართულზე სავსე ურიკით მომიწია ასვლა…
ვდგავარ ესკალატორზე და, უეცრად, დაბნელდა…
ჯერ ვერ გავიგე, რა მოხდა. თან, ესკალატორიც გაჩერდა… თურმე დენი წავიდა! უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა! ესკალატორი ორ წუთში დაცარიელდა. არა მარტო მყიდველები, მაღაზიის დახამებული დაცვაც ხსნიდა შამპანურის ბოთლებს და ყველა დანარჩენ სასმელს, რაც კი მაღაზიაში იყო. ატყდა ერთი ბათქა-ბუთქი. გარეთ, რა თქმა უნდა, არავის უშვებდნენ, რომ სიბნელეში რამე არ მოეპარათ. ხალხმაც გადაწყვიტა, ესარგებლა სიტუაციით და, რაც მოასწრეს და რაც კი კუჭში ჩაეტეოდათ, შეჭამეს, მოსანელებლად კი ალკოჰოლური სასმელები მიაყოლეს. ჩვენც დაუფიქრებლად ვეცით კონიაკის სექციას. ამ დროს არც მახსოვდა, სად დავტოვე სურსათით სავსე ჩემი ურიკა. ტელეფონის შუქით მივაგენით ჩვენს საყვარელ კონიაკს და, რადგან არავინ იცოდა, დენი როდის მოვიდოდა, მთელი სიჩქარით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ბოთლი დავცალეთ!
შუქი მთელი 40 წუთი არ მოვიდა… ხალხმა თოვლის პაპის საჩუქრად მიიღო არსებული სიტუაცია. მეც ძალიან მადლიერი ვიყავი! როცა შუქი ჩართეს, მაღაზიაში ფხიზელს ვერავის ნახავდი! ნელ-ნელა მივაღწიე ჩემს ურიკამდე (სხვათა შორის, ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა). მართალია, ისეთი მთვრალი ვიყავი, დანაკლისს მაინც ვერ შევამჩნევდი, მაგრამ, სახლში რომ მივედი, ცოლს პრეტენზიები არ გამოუხატავს.
12 საათამდე კი გამოვფხიზლდი, მაგრამ ახლა „პახმელიაზე“ ვიყავი! ათი, ცხრა, რვა.. ორი… ერთი… ვაშააა! ახალი წელი მოვიდა! მეც, როგორც ყველა ჩვეულებრივმა ადამიანმა (მჯერა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაინც), ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრე სურვილი (ძალიან ორიგინალური სურვილი მქონდა) – დავდექი ნაძვის ხესთან და ჩურჩულით წარმოვთქვი: ძვირფასო თოვლის ბაბუა, ისე მოახერხე, რომ ახალი წლის დღეებში ბევრი არ დავლიო და არ გავლოთდე-მეთქი“.
ჩვენი მომდევნო „საახალწლო მეისტორიე“ ყოფილი მილიციონერი, მაიორი ნუგზარ ბარათაშვილი გახლავთ.
„1985 წლის 31 დეკემბერია, გაგანია „პერესტროიკა“. ახალ წლამდე სამიოდე საათია დარჩენილი. იმ პერიოდში უკვე უშიშროებაში ვმუშაობდი და „მურელ“ სტუმრებს ველოდებოდი. სუფრა გაწყობილი მქონდა და როდესაც თვალი გადავავლე, აღმოვაჩინე, რომ მარილი აკლდა. რადგან სახლში მარტო ვიყავი, გასტრონომში მე თვითონ ჩავედი, მარილი რომ მეყიდა. ჩემი სტუმრები კი კიბეზე შემხვდნენ. მე მათ გასაღები მივეცი, ვუთხარი, ბინაში შესულიყვნენ და გზა განვაგრძე. გასტრონომი უკვე იკეტებოდა, იქ მხოლოდ გამყიდველი იყო და ბეწვზე მივუსწარი. დამდეგი ახალი წელი მივულოცე, ფული გავუწოდე და ვუთხარი:
– თუ შეიძლება, მარილი მომეცით.
უცებ უკნიდან მომესმა:
– არ გაინძრეთ, თორემ აქაურობას ჰაერში ავწევთ!
შევტრიალდი და რას ვხედავ, გასტრონომში ვიღაც ნიღაბაფარებული ბიჭი დგას, მარცხენა ხელში ხელყუმბარა უჭირავს, მარჯვენაში კი – უზარმაზარი ჩანთა და გამყიდველს ნავაჭრ ფულს და სურსათ-სანოვაგეს სთხოვს, თან იქაურობის აფეთქებით იმუქრება. ბიჭს ისე უკანკალებდა ხელყუმბარიანი ხელი, რომ ვუთხარი:
– ნუ ნერვიულობ, დეტონატორს მაგრად მოუჭირე ხელი, რომ არ აგიფეთქდეს.
ბიჭმა ჩემი რჩევა ყურად იღო და ხელყუმბარას მაგრად ჩასჭიდა ხელი. გამყიდველმა კი მას 600 მანეთი მისცა, შემდეგ სხვადასხვა პროდუქტები ჩაულაგა ჩანთაში. ბიჭმა უღრიალა:
– სასმელები, ჩქარა კონიაკი და არაყიც ჩამიდე!
მართალია, ბიჭს ნიღაბი ეკეთა და სახე არ უჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ასაკით პატარა იყო. დაბნეულმა გამყიდველმა უთხრა:
– სასმელი არ გერგება, ასაკით პატარა ხარ და არასრულწლოვნებზე სასმელის გაცემა კატეგორიულად იკრძალება.
დაიბნა ბიჭიც. მან ჩანთა იატაკზე დადო, პასპორტი ამოიღო და გამყიდველს დაანახვა, თან უთხრა:
– შენ მე ვიღაც ლაწირაკი ხომ არ გგონივარ, უკვე 18 წლის ვარ, აი, ჩემი „ქსივა“…
ყმაწვილის პასპორტს მეც ჩავხედე, მისი ვინაობა და მისამართი ამოვიკითხე და გამყიდველს ვუთხარი:
– ბიჭი მართალია, 18 წლისაა და სასმელი ეკუთვნის…
გამყიდველმა ბიჭს სასმელები ჩაუწყო და გაისტუმრა. მე კი მარილით ჩემს ყოფილ კოლეგებთან დავბრუნდი. მძარცველის ყველა კოორდინატი გადავეცი და „ქსივიანი“ მძარცველი ახალი წლის დადგომამდე აიყვანეს“.
საახალწლო სახალისო „მოგონებების“ ბოლო ისტორია მაიორ ამბერკი ქამხაძეს ეკუვნის.
„31 დეკემბერია. ავღანეთში ვართ. გაგანია ომია, მაგრამ, მაინც ვემზადებით საახალწლოდ.
ჩვენი სადესანტო პოლკი ყანდაღარში იდგა და თითქმის სულ ბრძოლებში ვიყავით ჩართული. ამიტომ, ხელმძღვანელობამ ერთდღიანი ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და ნება დაგვრთო, ყაზარმის სასადილოში გვექეიფა. ვისაც რა გვქონდა, ამოვალაგეთ და უზბეკმა მზარეულმა, გვარად მანსუროვმა, სუფრა გაშალა. მაგიდას რომ შემოვუსხედით, მაშინღა შევამჩნიეთ, რომ პოლკოვნიკი სავინკოვი არ იყო.
– ყაზარმაში აირბინე და მეორე სართულზე 23-ე ოთახში შედი. თუ სძინავს, გააღვიძე და წამოიყვანე, – ვუთხარი მანსუროვს.
უზბეკი წასასვლელად გაემზადა. სანამ გავიდოდა, სერჟანტმა კოპლატაძემ მიაძახა:
– მაგას პირში წყალი თუ არ ჩაასხი, არ გაიღვიძებს!
მანსუროვი წავიდა. ყაზარმა 400 მეტრში მდებარეობდა და მისვლა-მოსვლას დრო სჭირდებოდა. ჩვენ სასმელი ჩამოვასხით და მოთმინებით ველოდებით პოლკოვნიკის გამოჩენას. სამიოდე წუთის შემდეგ ყაზარმის მხრიდან განწირული, გაბმული ბღავილის ხმა შემოგვესმა და მოულოდნელად შეწყდა. ჩვენ ავტომატებს ვტაცეთ ხელი, რადგან, ვიფიქრეთ, რომ დუშმანები შემოიპარნენ და ახალი წლის ჩაშხამება უნდოდათ, მაგრამ, უეცრად, სასადილოში გაფითრებული მანსუროვი შემოვარდა და გვითხრა:
– პოლკოვნიკი გავაღვიძე, ის კი წამოხტა, იღრიალა და, სანამ წაიქცეოდა, ჩემი მოკვლა უნდოდა პისტოლეტით, მაგრამ, ჩაიკეცა და გადავრჩი.
– როგორ გააღვიძე? – ჰკითხა კოპლატაძემ.
– როგორც თქვენ მითხარით, – მიუგო მანსუროვმა, – მის ოთახში მათარა იდო, ავიღე, გავხსენი და პირში ჩავასხი.
ყველანი პოლკოვნიკის სანახავად გავემართეთ, რომელიც პირგამოთუთქული ეგდო თავის ოთახში… საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმომათარები გვქონდა, რომლებიც, რა ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგ, იმ ტემპერატურას ინარჩუნებდა, გარედან კი ხელით ვერც სიცივეს გრძნობდი და ვერც სიმხურვალეს. პოლკოვნიკ სავინკოვს კი, თურმე მათარაში მდუღარე წყალი ესხა და მანსუროვის წყალობით ზუსტად სამი თვე გაატარა ინტენსიურ მკურნალობაში“.
ავტორი