ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „დიაჯეო“, რომელიც ცნობილი ბრენდებით, „სმირნოვით“ და „ჯონი უოლკერით“ არის ცნობილი, ორ მილიონ ბარელზე, ანუ 327 მილიონ ლიტრამდე ვისკის საპენსიო ფონდს გადასცემს დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
დეფიციტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 862 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია საპენსიო ფონდის რწმუნებულებთან დავალიანების 10 წლის განმავლობაში გადახდასთან დაკავშირებით. „დიაჯეო“ 197 მილიონ გირვანქა სტერლინგს ნაღდი ფულით გადაიხდის. ამასთან, შეიქმნება საპარტნიორო ფონდი, რომელიც აქტივის სახით უმაღლესი ხარისხის ვისკის შეინახავს.
როგორც მოელიან, სპეციალურად შექმნილი სტრუქტურა წელიწადის განმავლობაში 25 მილიონამდე გირვანქა სტერლინგს მიიღებს მოგების სახით. გარდა ამისა, საპენსიო ფონდი „დიაჯეოს“ საპარტნიორო ფონდში მის კუთვნილ წილს დაახლოებით, 430 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდის.
„დიაჯეო“ მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის პროდუქციაც 180-მდე ქვეყანაში იყიდება. გარდა „ჯონი უოლკერისა“ და „სმირნოვისა“, ამ კომპანიის მიერ გამოშვებულ ბრენდებს შორისაა „ბეილისი“, „გინესი“ და სხვა.
ავტორი