საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე ეხმაურება.
მიქატაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, არამც და არამც არ შეახოცოს ხელი გარდაცვლილ ათუაშვილს. თუ ეს საქმე მივფარცხეთ, ხვალ იგივე სატკივარი გამოგვიჩნდება. აქვე შორეულ წარსულში მომხდარ ერთ ტრაგიკულ შემთხვევასაც გავიხსენებ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტში მივიჩქარი. იმ დღეს ჩემი ფაკულტეტის მონაწილეობით კავეენი ტარდებოდა. მთელი სტუდენტობა იქ იყო. ლაბორატორიის მხრიდან ავაჭერი ეზოს და ვხედავ, ჩემგან 50 მეტრში ბიჭები შეკრებილან და ჩოჩქოლობენ. ერთ-ერთს სახანძრო კიბეზე გადაეწვინა ერთი ბიჭი. თვალი არ მომიშორებია, ისე გავაგრძელე სიარული.
უცებ გასროლის ხმა გავიგე. წამში აიშალნენ და გაიქცნენ. სანამ დაჭრილი შემოტრიალდებოდა, მანამდე მასთან გავჩნდი და წელში შევუდექი. ხელში გაშლილი დანა ეჭირა, “ლისიჩკას” რომ ეძახდნენ. ეს დანა შენთან იყოსო, ძლივს ამოილუღლუღა. იმის შემდეგ რამდენიმე წუთი იცოცხლა და ხელში ჩამაკვდა. იცით, რატომ გავიხსენე ეს ფაქტი? იმ ბიჭს ეგონა, ამ დანის გულისთვის პასუხს მაგებინებენო და მე იმიტომ მომცა დასამალად. არ ვიცი, დაჭრიდა თუ არა იგი თანამოჩხუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ გაშლილი დანა მის სხეულზე ჰქონდა მიბჯენილი. მისი სიკვდილი ჩემთვის ერთი ტრაგედია იყო, მაგრამ დღეს ცივი გონებით რომ ვუყურებ, შესაძლოა, თვითონ გამხდარიყო მკვლელი, რომ დასცლოდა.
აქედან გამომდინარე, მინდა, პარალელი გავავლო საგარეჯოს ტრაგიკულ ღამესთან და ვიკითხო? – რატომ და რა მიზნით დაიბარეს უბნის ბიჭებმა შუაღამისას ნოდარ ათუაშვილი საქმის გასარჩევად?! რა უნდა მომხდარიყო საქმის გარჩევის დროს და რით შეიძლებოდა დასრულებულიყო იგი?! რატომ გახდა ნოდარ ათუაშვილი უბნის ბიჭების დაცინვის ობიექტი?! ვინ და რატომ შეასხა მას ამ საშინელ ტრაგედიამდე სახეში აქაფებული “რედბული”?! რატომ გააყოლებდნენ ხოლმე მას დამცინავ მზერას, როცა უბანში გაივლიდა?! რატომ ეძახდნენ ჩმორს და საერთოდაც, რა ურთიერთობა ჰქონდათ მასთან, ან რა იცოდნენ მის შესახებ ისეთი, რამაც მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუჩინათ?! რატომ მალავდნენ მეზობლები სასაკლაოს დატრიალებამდე მომხდარი ჩხუბის ფაქტს?! რისი დამალვა უნდოდათ მათ და ვისთან და რასთან მიიყვანდა გამოძიებას ეს დამალული სიმართლე?!
რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, სად იყო სამეზობლო ან სამართალდამცველი ორგანოები, როცა ათუაშვილი იარაღითა და ტყვია-წამლით მარაგდებოდა?! სად იყო სამეზობლო მაშინ, როცა მისი სახლიდან წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა და ცოლს მოკვლით ემუქრებოდა?! ჰქონდა თუ არა მას შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და თუ არ ჰქონდა – რატომ?!
და ბოლოს და ბოლოს, თუკი კაცი ეჭვიანი და ჭკუიდან გადასული იყო, რატომ ეუბნებოდნენ უბნის ბიჭები, შენს ბ…. ცოლს მიხედეო?! არის თუ არა ეს ადამიანის ძალით გადარევის მცდელობა იმის ნაცვლად, რომ “მოძალადე” ქმარს, მამას თუ მეზობელს პირიქით, მორიდებოდნენ?! იმედი მაქვს, გამოძიება ამ კითხვების პასუხებს ბუნდოვანს არ დატოვებს. მე, ჩემი მხრივ, ვაგრძელებ გამოძიებას იმ მუქარებისა და ლანძღვა-გინების მიუხედავად, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა ამ დღეებში. სიმართლე ხშირად ტყვიის ქვეშ მიწერია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება._ წერს ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე.