საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია 8 თებერვალს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა დღეს სამტრედიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში. 2011 წლის 3 ნოემბერს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელზე ეკურთხა საკათედრო ტაძარი. მას შემდეგ ყოველი წლის 8 თებერვალს მაღალყოვლადუსამღვდელოესი საბა ტრადიციულად აღავლენს საზეიმო წირვა- ლოცვას. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო.
მეუფე საბამ ეპარქიის სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მრევლთან ერთად დღეს სამტრედიაში ,,დავითობა” იზეიმა. ეპარქიის მმართველმა თავის ქადაგებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმატორი და უძლეველი მეფე დავითის სახელი სამტრედიის საკათედრო ტაძარს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა.
ერისა და ბერის წინაშე მეფეთ მეფე დავითის უდიდეს დამსახურებაზე თავის ქადაგებაში ისაუბრა და მეუფემ ეპარქიის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა განსაცდელში მყოფ თურქეთისა და სირიის მოსახლეობას. დალოცა ტაძარში მოსული მრევლი და მსოფლიოში სიმშვიდე ისურვა.
ავტორი