,,რამდენჯერ დაიწყო და რამდენჯერ გააჩერეს მისი “გოდო”, დაუმსახურებლადაც, უსამართლოდაც, სუბიექტური და ობიექტური მიზეზით. ბოლოს მოუბოდიშეს. პატარა ბავშვებივით გაგვიხარდა ესეც, სულელებივით.
ელოდა “გოდოს”, რომ ღმერთი მოეკლა.
არ ცნობდა ჟანრებს და ჩარჩოებს.
ყველაფერს თავიდან და მისი უკიდეგანო განცდებით ჰყვებოდა.
სულელი ქალივით ვამტკიცებდი ყველასთან, რომ არავის გავდა. რომ განსაკუთრებული იყო. რომ მისნაირები დროში და მიწაზე ვერ ეტევიან. ამიტომაც არსებობს თეატრი! მგონი, ახლა მტკიცება აღარ მჭირდება.
მარტომ დადგა მისი “გოდო” და მოკლა ღმერთი!
33 წლის იყო.
და, ალბათ, არავის ასე არ დაუდგამს სამყაროში აბსურდი!
მგონი, ამით კლასიკურად უპასუხა ჟანრს!
მოსაყოლი ბევრი მაქვს.
ოცნებად ჰქონდა ჰამლეტის თამაში და ოიდიპოსის დადგმა.
ზუსტად ვიცი, რომ ოიდიპოსიც დადგა. მის იოკასტესთან გადაწყვიტა ეს.
სიცოცხლეზე მეტად უყვარდა თეატრი და დედა. მისი იოკასტე.
არ ვიცი ისმის თუ არა ამ პოსტში ჩემი სიმწარის უსქესო ხმა და მისი გაუკვდავების ფიცი. აუცილებლად იქნება რეზის თეატრი. იმ საზოგადო რეზის, რომელთაც ჭაობების ამოშრობა უნდოდათ და საკუთარი თავგანწირვით დაიწყეს.
იფრინე რეზუ, შენი თეატრის და შენი ქუთაისის თავზე, სულ! და შეაწუხე ყველა, ვისაც შენი შეხედვით, სარკეში საკუთარი თავი აწუხებდა.
მიყვარხარ სამუდამოდ”,_ ამ ემოციურ პოსტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ქუთაისელი ჟურნალისტი და ბლოგერი, ამჟამად ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ადმინისტრაციის უფროსი, ზეკო ხაჩიძე და მართლაც განსხვავებულად ემშვიდობება ახალგაზრდა მეგობარს, უნიჭიერეს მსახიობსა და რეჟისორს რეზი ქაროსანიძეს.
ქუთაისი და სრულიად საქართველოს თეატრალური საზოგადოება უსაზღვროდ დაამწუხრა ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობისა და რეჟისორის, რეზი ქაროსანიძის გარდაცვალებამ.