“საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ყველა დედაქალაქში. ეს არის ის განწყობა, რომ თავის დროზე ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არცერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.