ერთი წლის წინ სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბრაკპანში ცოლ-ქმარმა მაიკლ ჯეიმისონმა და ჯერი სმიტმა ბენგალური ვეფხვის ბოკვერი ენცო “იშვილეს”.
ერთ წელიწადში ბოკვერი 170 კგ-იან მტაცებლად იქცა, რომელიც დღეში 5 კგ. ხორცს სანსლავს. ამ ზომის ბენგალური ვეფხვის ღრიალი თურმე 3 კმ-ზე ისმის, თუმცა ენცო მტაცებელს მხოლოდ “ჰგავს”, რადგან ხასიათით პრაქტიკულად კატისგან არ განსხვავდება. თანაც ეს “კატა” მეტად შეხმატკბილებულია მასთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ 14 ძაღლთან.
ენცო დილას იწყებს სამზარეულოს დაზვერვით, სადაც პირდაპირ მაგიდაზე ადის და კუთვნილ ერთ ბოთლ რძეს ელის საწოვარათი. ასევე მოთმინებით ელის, როდის ისადილებს პატრონი, ხოლო ხორცით კარგად დანაყრების შემდეგ “სიესტას” საყვარელ ტახტზე აწყობს.
გამოძინებული კი მაიკლთან თამაშით ან ტელევიზორის ყურებით ერთობა – 37 წლის მაიკლი მუდამ მზად არის ნაკაწრისა თუ დაჟეჟილობისთვის – მისი თქმით, ლამის ორცენტნერიანი ოჯახის წევრი ენერგიული თამაშისას ისევე აბიჯებს თავზე, როგორც “ბავშვობაში”, თუმცა მის მეუღლესთან ურთიერთობისას გაცილებით ნაზია. მით უმეტეს, რომ ჯერი მისი მძღოლიცაა – ლამბორჯინით ასეირნებს ხოლმე. ამას გარდა, ენცოს ძალიან უყვარს ჯაკუზი, კომპიუტერი და… ვენტილატორი!
ავტორი