დედის დღეს, 3 მარტსა და ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიეძღვნა ღონისძიება ქალაქ სამტრედიის N 11 საჯარო სკოლაში.
III 1 კლასში ჩატარდა განსაკუთრებულად დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,გაზაფხული, დედა, ია… ”
,,დაწყებით საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, ვასწავლოთ მათ მზრუნველობა, ერთმანეთის თანადგომა, ურთიერთპატივისცემა, რათა შეძლონ მეტი სითბოს, სიყვარულის გაცემა და ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება. დღევანდელი ღონისძიებაც შემოქმედებითი თუ სხვა მრავალმხრივი უნარების გამოვლენის და განვითარების მიზნით გაიმართა. რათა კიდევ ერთხელ მოვფერებოდით დედებს, მიგველოცა მათთვის, ჩვენი სიყვარულით გაგვეთბო მათი გულები და მადლობა გვეთქვა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე გვაჩუქეს.“- ,,გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა, მაია ჩაჩუამ.
ღონისძიების იდეის ავტორი იყო კლასის ხელმძღვანელი მაია ჩაჩუა. ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებით (მუსიკის პედაგოგი ქალბატონი ნანა მიქელაძე), ცეკვით (პედაგოგი თეონა კაცაძე) , მინი სპექტაკლით ,,ლამაზი დედა“ გამოხატეს უსაზღვრო სიყვარული დედიკოების მიმართ.
დედებისათვის, ბებოებისთვის დაიკოებისათვის ემოციურად დატვირთული დღე აღმოჩნდა. ისინი ცრემლიან, თუმცა ამავე დროს სიხარულით სავსე თვალებით უცქერდნენ პატარებს. მაქსიმალური იყო მოსწავლეთა ინტერესი და აქტიურობა, ასევე აღსანიშნავია მშობელთა თანადგომა, რომელსაც პედაგოგმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნანა მანჯგალაძე, მესამე პირველი კლასის ყველა პედაგოგი. ბავშვებმა დედიკოებს გადასცეს მისალოცი ბარათები და იის კონები.
ავტორი