ამ წუთებში ზუგდიდში სტუდენტები აქციას მართავენ. აქციის ჩატარების მიზეზი ისევ და ისევ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტია.
აქციის მონაწილეები ზუგდიდის სკეიტპარკთან შეიკრიბნენ და ზუგდიდის ქუჩებში “საქართველო” “საქართველოს” ყვირილით მსვლელობას მართავენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მართალია “ქართულმა ოცნებამ” და “ხალხის ძალამ” ე.წ. “აგენტების კანონის” უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ მათ ამის არ სჯერათ. აქციების ჩატარებას კი გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე კანონპროექტი საბოლოოდ გაწვეული არ იქნება.
“შევიკრიბებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. არ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს რუსული კანონი. პარლამენტს მეორე კანონპროექტის ჩაგდება დღესვე შეუძლია მეორე მოსმენით. რადგან ეგ ორივე კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს ევროპულ ინტერესებთან. გარდა ამისა, უნდა გაათავისუფლონ ყველა ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციებზე დააკავეს”,_ განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმა, არჩილ თოდუამ.
ავტორი