ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერში, (გურიანთის თემი), მდინარე სკურდუმზე კომუნისტების დროს აშენებული ხიდს, ამ ზაფხულს საძირკველი გამოეცალა და ორივე მხარეს ნაწილობრივ ჩაინგრა.
უბანი, სადაც 15-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამ გზით უკავშირდებოდა ცენტრალურ ტრასას. ბავშვებიც სკოლაში ამ გზიდან გადაჰყავდათ.
ადგილობრივები, რომლებიც ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში ცხოვრობენ, შეშფოთებული საუბრობებენ.
_ საცალფეხო ბილიკი ჩვენ გავაკეთეთ ჩაქცეულ კიდესთან. ბავშვებს აქ ვხვდებით სკოლიდან რომ მოდიან. იქეთაც ვაცილებთ. გვპირდებიან გაკეთებას და საშველი არ დადგა, _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები: მამია მამუდიანი, გურამ აბაშიძე, ნაზი დიდიძე, მაყვალა აბშიძე და სხვები.
_აქედან არც ისე შორს, სადაც სკურდუმი მდინარე ნატანებს უერთდება, უზარმაზარი კარიერია. ფსკერი გამოუღეს კალაპოტს. გადახედეთ, ნაპირი მისდევდა მინდვრებს და ახლა რა სიღრმეზეა ჩავარდნილი. ამიტომ გამოვარდა საძირკველი ამ ხიდსაც, თორემ კომუნისტების დროს აშენებულია, აქამდე არ დანგრეულა. ამ პატარა მდინარე სკურდუმის კალაპოტიც დაიწია. იქ, კარიერზე არის ხიდი. ახლახან, წყალდიდობისას , დაინგრა. მძიმე ტვირთმზიდები ხრეშს ეზიდებიან ავტობანისკენ. უცებ გააკეთეს. აქ კი, ვითომც არაფერი. მოიტანეს მიწა, ტალახი და უზარმაზარი გროვები დაყარეს ორივე მხარეს. „შუქნიშანია“, „ახალი“ სახეობა გამოიგონეს, რომ მანქანა არ გავიდეს, _ ირონიულად ამბობენ ადგილობრივები _ დაპირება, იცოცხლე, განსაკუთრებით არჩევნებზე მოდიან. ახლა იტყვიან, კარიერზე ინვესტორმა გააკეთაო და ჩვენ ჯერ გვაცალეთო. ის კარიერი ამ სოფლის არაა, ღამითაც რომ არ ჩერდებიან და მუშაობენ? მოსწრებაზე რომ არიან? ეს ხიდი მაინც გააკეთონ, რომ ეზიდებიან და ქვესკნელში ჩაიტანეს მდინარის კალაპოტი. გადახედეთ „რუსის გორადან“, არის აქ ერთი ზეგანი ამ სახელწოდებით.
აღნიშნული უბნის მცხოვრებლები განსაკუთრებით იმის გამო ბრაზობენ, რომ მათ მუდამ აძახებენ, უკანონოდ ცხოვრობთ ამ ბინებში და ნუ ყვირიხართო.
_ამაზე უკეთესი თუ გაგვაჩნია რაიმე, აქ რატომ მოვიდოდით? – ამბობენ ისინი.
ჩვენ მართლაც გადავედით ტყე-ტყე და „რუსის გორიდან“ გადავხედეთ სოფელ მერიისა და გურიანთის ტერიტორიაზე არსებულ კარიერს, მდინარე ნატანების ხეობაში. ვრცლად მალე გიამბობთ.
ავტორი