დღევანდელი სპორტული მოგონებების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა ბრძანდება. ბატონ მურთაზს სტაჟიანი გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ერთს დავძენდი. ყოფილი საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებს, მისი არსებობის დროს ორი ქართველი კაპიტანი ჰყავდა. ალექსანდრე ჩივაძემდე ამ საპატიო მისიას დიდი ხნის განმავლობაში მურთაზ ხურცილავა ასრულებდა.
სახელგანთქმული ფეხბურთელი საკუთარ ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.
„გეგეჭკორის, დღევანდელი მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დავიბადე და გავიზარდე. ფეხბურთის გარდა არაფერი მაინტერესებდა და უნდა გენახათ, სუნთქვაშეკრული რომ ვუსმენდი რადიორეპორტაჟებს! თუმცა, მარტო მე კი არა, მთელი სოფელი ასე იყო. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ გაივლიდა დრო და ჩემი კერპების მხარდამხარ ვითამაშებდი.
წლების შემდეგ საქართველოს თასის ფინალში ჩვენი „სალხინო” და ზუგდიდის „დინამო” შეხვდა ერთმანეთს, იმ დროს უკვე „სალხინოში” ვთამაშობდი. ერთი კვირის თავზე სახლში დეპეშა მოგვივიდა: პირადად ანდრო ჟორდანია მიბარებდა ახალგაზრდა მოთამაშეების შეკრება-შერჩევაზე! ჟორდანიას სახელი იმ წლებში ყველას პირზე ეკერა – ფეხბურთის მოყვარულთათვის ის ლეგენდა იყო!
იმ შეკრებაზე პირველი შეხვედრა სოხუმის „დინამოსთან” ჩავატარე. თამაშის შემდეგ ბიჭები გასახდელში ვსაუბრობდით, უცბად თენგიზ მაჭავარიანი შემოვიდა (ის წლების განმავლობაში თბილისის „დინამოს” ადმინისტრატორი იყო) და მითხრა: „ხურცილავა, დროზე, ჟორდანია გიბარებს”! ცივმა ოფლმა დამასხა! მასთან რომ შევედი, მამაშვილურად მომმართა, აქ ნუღარ გაჩერდები, წადი, მალე „დინამოში” დაგიბარებთო. ყურებს არ ვუჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა!
მაშინ „დინამოს” ძირითად შემადგენლობაში იოლად ვერ მოხვდებოდი – ეს პატივი კარგი თამაშით და მუხლჩაუხრელი შრომით უნდა დაგემსახურებინა. მეც ეტაპობრივად ვუახლოვდებოდი საოცნებო გუნდის ბირთვს: ჯერ რესპუბლიკის ნაკრებში მოვხვდი და 1959 წელს საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზე; ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების მაისურით იტალიაში, სან რემოს თასზე გამოვედი… იმ წლებში, მეტწილად, ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, მაგრამ ნელ-ნელა დაცვაში გადამიყვანეს. სანამ „დინამოს” პირველ შემადგენლობაში ჩავირიცხებოდი, ლამის ერთი წელიწადი „სალხინოში” ვთამაშობდი.
თავდაპირველად დაცვაში ჩემი პარტნიორი გივი ჩოხელი იყო, თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე ვიყავი მისი პარტნიორი. სამწუხაროდ, მის მხარდამხარ მცირე ხანს ვითამაშე – ღვიძლმა შეაწუხა და მალე დაასრულა კიდეც კარიერა. მისი წასვლის შემდეგ ცხონებული ჯემალ ზეინკლიშვილი დადგა ჩემს გვერდით – ბრწყინვალე მცველი გახლდათ. იცით, „დინამოში” ახალმისული ულვაშებს ვატარებდი და მეტსახელი „ბურძგლა” სწორედ ჯემალმა შემარქვა.
დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ერთმა მითხრა, როცა რუსს ეთამაშები, შეაგინე, ანერვიულდება და ადვილად აჯობებო. ეს „რჩევა” პირველად მოსკოვის „სპარტაკთან” „გამოვიყენე” – ჩემს წინააღმდეგ სევიდოვი თამაშობდა და მეც, რაც კი რამე სალანძღავი სიტყვა ვიცოდი, ყველაფერი მივაყარე. შენც არ მომიკვდე, ვითომც არაფერი – უფრო მაგრად ათამაშდა. საბოლოოდ ისევ მე „გავფუჭდი”, ის კი პირიქით, მაღიზიანებდა: „მიდი მურზიკ, აბა მაჩვენე რის მაქნისი-ხარო”… ის დღე იყო და ის დღე – სევიდოვის შემდეგ მეტოქეებისთვის უხეშად არასდროს მიმიმართავს.
1964 წელს თბილისის „დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. პირველობა გუნდის ძირითად მოთამაშედ დავიწყე, მაგრამ ოქროს მედალი მაინც არ შემხვდა. სტარტზე 8 შეხვედრაში ვითამაშე და შემდეგ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე. დავბრუნდი და კიდევ ერთხელ არ გამიმართლა – კიევის „დინამოსთან” მატჩში კუნთი გამიწყდა. ახლა მის მოშუშებას მოვუნდი ნახევარი წელი… მოკლედ, სეზონის დიდი ნაწილი გამიცდა. მაშინ ასეთი წესი იყო – თუ ფეხბურთელი მატჩების გარკვეულ რაოდენობას არ ჩაატარებდა, მედალს ვერ იღებდა. მეც ამიტომ დავრჩი ოქროს გარეშე.
1964 წლის სეზონი მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით დავიწყეთ, მაგრამ ჩემპიონის მედლები გავრილ კაჩალინთან ერთად მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ იმ „ოქროს გუნდის” შენება სწორედ იაკუშინმა დაიწყო. კაჩალინი ძალიან კარგი, განათლებული და კულტურული კაცი იყო, მაგრამ მიმაჩნია, როგორც მწვრთნელი, ის იაკუშინზე სუსტი იყო.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თბილისის „დინამო” და მოსკოვის „ტორპედო” თამაშობდნენ. ჩვენი მატჩები ყოველთვის საინტერესო იყო. იცით რა მაგარი ფეხბურთელები ჰყავდათ ტორპედოელებს? ედუარდ სტრელცოვი, ვალერი ვორონინი, ვალენტინ ივანოვი, ბორის ბატანოვი, ნიკოლაი მანოშინი… რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ედუარდ სტრელცოვი ძალიან დიდი მოთამაშე იყო, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახლდათ! ნათლად მახსოვს ჩვენი პირველი დაპირისპირება: 1965 წელს დავდექით ერთმანეთის პირისპირ – ის ახალი გამოსული იყო ციხიდან. წარმოიდგინეთ, კაცს 7 წელიწადი გაუცდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ მალე არათუ „ტორპედოს” ძირითადში, ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი!
შეგიძლიათ დაასახელოთ ფეხბურთელი, რომელიც „დინამოდან” გულნატკენი არ წავიდა? რომელი ერთი ვთქვა – შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე თუ მიშა მესხი? მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი, დამეტოვებინა კლუბი, რომელსაც 15 წლის მანძილზე ყოველდღე ერთგულად ვემსახურე! ოფიციალური მიზეზი არ გაინტერესებთ? თურმე, თანაგუნდელები ჩემთან საერთო ენას ვეღარ პოულობდნენ!
ცხადია, ყველამ მალე გაიგო რომ მურთაზ ხურცილავა „დინამოდან” წავიდა. არ დაგიმალავთ, შემეხმიანნენ კიევიდან და მოსკოვიდან – ასაკის კვალობაზე კარგი პირობებიც შემომთავაზეს, მაგრამ საქართველო არ დავტოვე. 1975 წლის დარჩენილი დრო პირველ ლიგაში ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოს” მაისურით. ეს გადაწყვეტილება ჩემი მეგობრის, ცხონებული გურამ ფანჯიკიძის რჩევით მივიღე – ის მაშინ ქუთაისში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოში” თავს ნორმალურად ვგრძნობდი, „დინამოდან” ჩემს გაშვებას მაინც ვერ შევეგუე და წლის ბოლოს კარიერაც დავასრულე.
უცნაურია, მაგრამ ფეხბურთიდან ჩემი გაცილების ცერემონიალი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიმართა: თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ჩვენმა „დინამომ” ითამაშეს. სწორედ ამ შეხვედრის წინ გადავეცი ნაკრების კაპიტნის სამკლაური ევგენი ლოვჩევს.
არ მიყვარს ამ თემის გახსენება, რადგან სხვა თუ არაფერი, როგორც კაცს, გული მწყდება: 1968 წელს „მილანი” მიწვევდა. მათ კარგად ახსოვდათ ჩემი თამაში ნაკრებში და საკმაოდ დიდ თანხასაც მიხდიდნენ, მაგრამ იმ დროს ამაზე ვერც ვიფიქრებდი. ჩემი თავი ჯანდაბას, ერთხელაც იქნებოდა, გავიპარებოდი სასტუმროდან და მერე რამენაირად ფეხს მოვიკიდებდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ აქ რა დღე დაადგებოდათ ჩემიანებს? 60-იან წლებში ხალხს ქურდობისთვის ხვრეტდნენ და „სამშობლოს მოღალატის” ოჯახს რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!
ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მითამაშია ოლიმპიადიდან დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატით დასრულებული, მაგრამ ფიფას ოქროს თასის გათამაშებას არაფერი შეედრება – უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, მხოლოდ რჩეული გუნდები და მოთამაშეები ასპარეზობენ, სტადიონები პირთამდე სავსეა, განწყობა – ენითაუწერელია! მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე გამარჯვებაა, ტურნირის მოგებაზე ხომ არაფერს ვამბობ!
1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის სამშობლომ – ინგლისმა უმასპინძლა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინ აჩვენა, არადა, მეტის მიღწევა შეგვეძლო. იცით, გავედით თუ არა ნახევარფინალში, ბევრმა ჩათვალა, რომ „ამოცანა შესრულებულია” და მომდევნო შეხვედრებში ვალის მოხდის მიზნით გავიდა მინდორზე. ამას რაც მოჰყვა, კარგად იცით.
მესამე ადგილისთვის პორტუგალიელებს შევხვდით. მატჩის წინ სიზმარში ვნახე – თითქოს საჯარიმოში ხელით ვითამაშე. ამის შესახებ ჟორა სიჭინავას დილითვე ვუამბე, მან კი მეგრულად მითხრა – ღმერთი არ გაგიწყრეს, ასეთ რამეზე ფიქრს მოეშვიო… მწვრთნელებისგან ვიცოდი, რომ ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, მაგრამ შუადღით გამომიცხადეს, ტორესი უნდა აიყვანოო. ის ლამის ორმეტრიანი თავდამსხმელი იყო, ჩემზე გაცილებით მაღალი… ერთ მომენტში ავუხტი და სწორედ მაშინ ამიხდა სიზმარი – ბურთი ხელზე მომხვდა. თამაშის შემდეგ ჩემთვის არავის უსაყვედურია, მაგრამ ეს ჩემთვის ვერაფერი ნუგეში იყო.
ინგლისში, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საბჭოთა კავშირის ნაკრებს „პუმას” დელეგაცია ესტუმრა და მსოფლიო ჩემპიონატზე მათი ეკიპირებით გამოსვლა შესთავაზა. ამის სანაცვლოდ „პუმა” საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იხდიდა. მე და ჟორა სიჭინავამ პუმას ბუცები რომ მოვირგეთ, კინაღამ გავგიჟდით, ისეთი მაგარი იყო! ჩვენ ხომ რაღაც საბჭოთა საშინელება გვეცვა. ეს ამბავი რომ გაიგო, მეორე დღეს „ადიდასმა” მოავლინა თავისი ხალხი. ისევე როგორც „პუმამ”, „ადიდასმაც” დაგვიტოვა ბუცები და მაისურები. საღამოს სიჭინავამ მითხრა: იცი რას ვიზამ, ფულს ორივეს გამოვართმევ, ერთ ფეხზე „ადიდასს” ჩავიცმევ, მეორეზე „პუმასო”… ცხადია, ერთი ეკიპირებაც არ შეგვრჩა – დელეგაციის ხელმძღვანელებმა ორივე წინადადება იუარეს, აქაოდა, საბჭოთა სპორტსმენს ისე არ უჭირს, კაპიტალისტებმა ჩააცვანო.
ჩემი აზრით სსრკ-ს ნაკრები ყველაზე ძლიერი 1967-1968 წლებში იყო – მაშინდელი რეიტინგით ევროპის ნომერ პირველი გუნდი ვიყავით! იმ წლებში ჩვენი მომგები არავინ იყო ბობი ჩარლტონის და გორდონ ბენქსის ინგლისით დაწყებული და ჯანი რივერას და სანდრო მაცოლას იტალიით დასრულებული. მაგრამ მაშინდელი სისტემის უბედურებაც ის იყო, რომ როგორც კი რამე კარგი გაკეთდებოდა ან შეიქმნებოდა, უმალ მის ნგრევას იწყებდნენ. ის გუნდიც საკავშირო ფედერაციის მესვეურებმა ფაქტიურად, ძალით დაშალეს – ვალერი ვორონინი, ედუარდ სტრელცოვი და იოზეფ საბო ერთიმეორეზე სულელური ბრალდებით გარიცხეს გუნდიდან.
1968 წელს მოსკოვმა ჩეხოსლოვაკია „გააწითლა”, პრაღაში საბჭოთა ჯარების შეჭრიდან მცირე ხანში კი მათ ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ. მოსკოვში 3:2 მოვიგეთ – მე, იგორ ჩისლენკომ და ვიქტორ ანიჩკინმა გავიტანეთ გოლები, პრაღაში კი… იქ მასპინძლებმა ამბავი დაგვმართეს, მსგავსი არაფერი მინახავს! მოურიდებლად გვირტყამდნენ, არაფერი აინტერესებდათ… ისე დავშავდი, ორი თვე ბურთს ვერ გავეკარე, ჩისლენკომ და ანიჩკინმა კი, ფაქტობრივად, იმ შეხვედრის შემდეგ კარიერა დაასრულეს. თან არ დაგავიწყდეთ, იმ დროს შეცვლა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა და ჩვენმა გუნდმაც 8 ფეხბურთელით დაასრულა მატჩი.
მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ბულგარეთში ვემზადებოდით – კუნთი სწორედ იქ გამიწყდა. ვიფიქრე, ეს ტურნირი უჩემოდ ჩაივლის-მეთქი, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც ჩამრთეს გუნდში. იმ ნაკრებში ჩემთან ერთად იყვნენ რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი. ურიგო შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავდა, მაგრამ ურუგვაისთან კურიოზული გოლი გავუშვით და ნაადრევად დავბრუნდით შინ.
ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შევხვდით. ჩავედით ბელფასტში და საითაც არ გაიხედავდი, ყველგან ჯორჯ ბესტის ფოტო გხვდებოდა თვალში. კი, მას მაშინ კარიერის პიკი გადავლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ფანების კერპი იყო – სარეკლამო ფირნიშებიდან, გაზეთებიდან, მაღაზიის ვიტრინებიდან, ძეხვეულიდანაც კი ჯორჯ ბესტი გიღიმოდა! იქაური ახალგაზრდობა გიჟდებოდა მასზე, აღმერთებდნენ! ჩვენს წინააღმდეგ კი ითამაშა, მაგრამ რეზო ძოძუაშვილმა შავი დღე აყარა – გასაქანი არ მისცა. თუ არ ვცდები, თამაშის მერე ბესტმა რეზოს მაისურიც გაუცვალა.
სანამ ევროპირველობის ფინალური ეტაპი დაიწყებოდა, საზეიმოდ გაიხსნა მიუნხენის ბრწყინვალე „ოლიმპიაშტადიონი”, რომელიც სპეციალურად იმ ზაფხულს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის ააგეს. გახსნის მატჩში მასპინძლებს ჩვენ ვეთამაშეთ – 1:4 წავაგეთ. გერმანელები დიდებულად დაგვხვდნენ: ყურადღებას არ გვაკლებდნენ, ჩვენ გუნდს ახალთახალი BMW-ს მარკის ავტომობილებით ემსახურებოდნენ… ერთი დღით ადრე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სტადიონის ტერიტორიაზე ხეებიც დავრგეთ, საღამოს კი საზეიმო ბანკეტზე გუნდის კაპიტნებმა, ფრანც ბეკენბაუერმა და მე „ოლიმპიაშტადიონის” ფორმის ტორტიც გავჭერით.
ევრო 72-ის ფინალში ჩვენ გასვლას არავინ ელოდა. მაშინ ნაკრები გადახალისების პროცესში იყო, ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ოთხნი დავრჩით: მე, რეზო ძოძუაშვილი, ევგენი რუდაკოვი და ვლადიმირ კაპლიჩნი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ახლები, მაგალითად ედუარდ კოზინკევიჩი, ანატოლი ბაიდაჩნი და ოლეგ დოლმატოვი ნამდვილად ჩამოუვარდებოდნენ წინამორბედებს. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით მეორე ადგილის დაკავება. ფინალში უშანსოდ ვიყავით. ისე, ის გერმანიის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდადაა აღიარებული.
ფინალი 0:3 წავაგეთ – ლეგენდარულმა გერდ მიულერმა ორი გოლი გაგვიტანა. ერთი წლის შემდეგ, მოსკოვში, ლევ იაშინის გამოსათხოვარი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიულერმაც ითამაშა. მატჩის წინ მას იაშინისთვის უთქვამს, დიდი ბოდიში, მაგრამ თამაშის სტატუსის მიუხედავად, გოლი უნდა გაგიტანოთ, რადგან, ჯერ თქვენთვის გოლი არ შემიგდიაო. უცბად იაშინი მეძახის და მეუბნება: „მურზიკ, გეხვეწები, ყველანაირად ეცადე, რომ მიულერმა გოლი არ გამიტანოს”. იმ შეხვედრაში პერსონალურად ვითამაშე ამ მართლაც დიდებული ფორვარდის წინააღმდეგ და არ გავატანინე!
როცა უცხოეთში მივდიოდით, ყოველთვის გვახლდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი, ხანდახან რამდენიმე. ჩვენ, გუნდის წევრები მათ ადვილად ამოვიცნობდით ხოლმე – როგორც წესი, ასეთებს მასაჟისტად ან ექიმად აფორმებდნენ.
საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩემი საუკეთესო პარტნიორი ალბერტ შესტერნიოვი იყო, მასთან დიდხანს ვმეგობრობდი. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს: ის მძლეოსანი იყო, 100 მეტრზე სირბილში ასპარეზობდა, ფეხბურთის თამაში კი გვიან დაიწყო. სამწუხაროდ, ძალიან უყვარდა დალევა, ხოლო პირადი ცხოვრება რომ აერია, საერთოდ თავით გადაეშვა სასმელში. შესტერნიოვს სიგიჟემდე უყვარდა მოციგურავე შჩუკინა, დაქორწინდნენ კიდეც, მაგრამ მალე დაშორდნენ. ალბერტმა ეს ძალიან განიცადა.
1972 წელს ოლიმპიურ თამაშებზეც ვიასპარეზე. ჩვენი გუნდი მაშინ ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ პოლონელებთან მსაჯმა „მოგვიმთავრა” საქმე – ჩვენ კარში არარსებული პენალტი დანიშნა. სხვათა შორის, ის თამაში თითქმის ერთი საათით შეწყდა – ოლიმპიურ სოფელში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, არავინ იცოდა გაგრძელდებოდა თუ არა მატჩი.
მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მეტოქედ ჩილე გვერგო. ჩილეში სამხედრო გადატრიალება ახალი მომხდარი იყო – გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა იქაური კომუნისტები დახვრიტა. ამ ამბავს მოსკოვში როგორ შეხვდებოდნენ, ალბათ, წარმოგიდგენიათ. ჩილეს ნაკრებს მოსკოვში მაინც ვეთამაშეთ – მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ შედგა. სამწუხაროდ, საპასუხო შეხვედრისთვის სანტიაგოში აღარ გაგვიშვეს და ჩვენც მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დავრჩით.
ახლა ხშირად ვისმენ, თითქოს საბჭოთა კავშირში პროფესიონალი ფეხბურთელები არ იყვნენო. სასაცილოა, აბა ჩვენ ვინ ვიყავით? ყოველდღე ფეხბურთით ვცხოვრობდით – ვარჯიშები, თამაშები, შეკრებები და ასე, გაუთავებლად. ბევრი თანამედროვე „ვარსკვლავი” ვერ შეედრება ჩემი დროის მართლა მაგარ ფეხბურთელებს!
თბილისის „დინამოში” 15 წელიწადი გავატარე, საბჭოთა კავშირის ნაკრებში 10 წლის მანძილზე ვთამაშობდი… მიხარია, რომ ორივე გუნდში მწვრთნელებთან პრობლემა არ მქონია. რატომ? იცით, ფეხბურთის საწინააღმდეგოდ არაფერი გამიკეთებია, ვარჯიშის გაცდენა კი არა, დაგვიანებაც ვერ წარმომედგინა და ალბათ, ასეთი დამოკიდებულების გამო მწვრთნელებიც მაფასებდნენ. რეჟიმის დარღვევაზე არაფერს ვამბობ: ხშირად პაპანაქება სიცხეში სამი მაისური მეცვა და ასე, ოფლში გაწურული ვვარჯიშობდი.
მოთამაშის კარიერის შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზი ავირჩიე, მაგრამ აქაც, მეტწილად, გულისტკენა მხვდა წილად. ტრადიციასავით მექცა – გავაკეთებდი გუნდს, მცირე ხანში კი წამოსვლა მიწევდა.
რა მოხდა 1994-95 წლების სეზონის „სამტრედიაში”? არ მიწყინოთ, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. სიმართლე გითხრათ, იმ ამბების გახსენებაც არ მინდა – ვფიქრობ, ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ დაუფარავად ვთქვა, თუ რა მოხდა VI ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში. ისე, განა აუცილებელია მურთაზ ხურცილავამ ისაუბროს ამ თემაზე? ასაკოვან გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს ის ამბავი, ვფიქრობ, კარგად ახსოვთ.
რატომ წავედი „დინამოდან”? ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიყვანეს იოჰან ბოსკამპი და მითხრეს, თქვენი ასისტენტი იქნებაო. დავჯექით, გავესაუბრე და მივხვდი, რომ მე უნდა წავიდე: სულ სხვა რამეზე მელაპარაკებოდა! ჩვენ ვერასდროს გავუგებდით ერთმანეთს!
სამწუხაროდ, თუ ვინმე უცხოელი მწვრთნელი ჩამოიყვანეს საქართველოში, ყველამ გუნდი დაშალა! ბათუმის „დინამოში” შოთა ჭეიშვილს მშვენიერი კოლექტივი ჰყავდა, მაგრამ რად გინდა? მოიყვანეს ჯანი კარნევალი და წავიდა საქმე უკან. ან ვინ იყო ლუის ცაკარიასი ნოდარ აკობიას ადგილი რომ დაიკავა „ლოკომოტივში”? სჯობდა რამით?
ბოლოს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ვმუშაობდი: 17-დან მხოლოდ 4-ჯერ დავმარცხდით, არნახული წაუგებელი სერია გვქონდა!
დღეს რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ალბათ, ვერსად ვითამაშებდი. რატომ? სიმაღლეში 1,75 მეტრი ვარ, წონით კი ყოველთვის 85-86 კილოგრამს ვიწონიდი. ასეთი შეფარდებით დიდ გუნდებში მოხვედრა ძალიან გამიჭირდებოდა. ისე, ჩემ დროს „დინამოშიც” და ნაკრებშიც არსებობდა ნორმატივები, რომელიც ყველა ფეხბურთელს უნდა ჩაებარებინა. არ მახსოვს ეს ბარიერი ოდესმე დამეძლიოს, მაგრამ ხვდებოდნენ მიზეზს და თავს მანებებდნენ. ამ პრობლემის გამო ანდრო ჟორდანიას ყველა აფრთხილებდა, ეგ ბიჭი ფეხბურთს ვერ ითამაშებსო, მაგრამ ცხონებული თავისას არ იშლიდა. ერთი-ორჯერ იაკუშინთანაც „მიშუამდგომლეს”, მაგრამ არ „გაჭრა”!
ავტორი