„ერთი წელია ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ვიღაც აღიარებს, ვიღაც – არა. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად, საომარი პლაცდარმი გახდეს და შეიჭრას იმ თემაში, რასაც „მეორე ფრონტი” ჰქვია. ეს არის სიმართლე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს „საუკუნის აფიორა”.
„ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს საუკუნის „აფიორა”, როდესაც ქართულ საზოგადოებას და ახალგაზრდობის ნაწილს სამწუხაროდ დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იყო მიღებული და შემდეგ გაწვეული – იყო რუსული. ამ ლოგიკით „რუსული კანონი” დააინიცირეს IPP-ის წარმომადგენლებმა, რომლის ნაწილიც არის „ნაციონალური მოძრაობა”, ამ ლოგიკით კანადაში მუშაობს „რუსული კანონი”, ამ ლოგიკით ბრიტანეთის თემთა პალატას მიღებული აქვს რუსული კანონი, ამერიკაშიც რუსული კანონი მუშაობს და მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოწოდებულია, რომ რაც შეიძლება ჩქარა მიიღონ ეს კანონი. აი ამ დონის ფეიკთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.