ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
კეკელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მორიგი ,,ბრალდება” გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან. ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!” ბარემ ერთი რამესაც გეტყვით სერიიდან – “მაშინ ხმას რატომ არ იღებდი?” და მერე გავაგრძელებ მთავარს – წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, იყო სასჯელაღსრულებით სისტემაში პატიმრებისადმი საშინელი მოპყრობა, განსაკუთრებით ზოგიერთ ციხეში. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ გვიან შეიტყო, ე.წ. ,,ცოცხების” სკანდალის დროს და დამიდასტურებენ ალბათ სხვები, მე ვიყავი იშვიათი საჯარო მოხელე, რომელმაც ღიად დაგმო ეს ამბავი და ნებისმიერი დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა. ძნელია ჩემთვის რაღაცების ,,წამოძახება”, შეცდომის მეტი რა დამიშვია, მაგრამ იმ ჟანრში, თქვენ რომ ეძებთ, ვერ იპოვით და ტყუილად ირჯებით.
რაც შეეხება ციხეში მასწავლებლობის დაწყების ამბავს, ჩემი ხელით რომ ჩავაწერინე მეგობარს ვიკიპედიაში და იქ იპოვეს, როგორც დიდი საიდუმლო, ამგვარია და ცოტა ნოველას ჰგავს. მაშინ ბინის ქირის გადახდა არ შემეძლო და სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ვათევდი ღამეს ჩემს მამიდაშვილთან, მამა დავითთან. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ლიტერატურული გაზეთი გამოგვეცა და დავიწყეთ იმ ხალხის ძებნა, ვინც ცოტა ფულს მოგვცემდა ამ ხარჯისთვის. მთავარ მაძიებლად მე დავინიშნე, დიდი ვნება მქონდა და არნახული თავგადასავლები გადამხდა – ძირითადად ხელმოცარვით და მარცხებით.
აი, ეს კი, რასაც გიყვებით, გამარჯვების ისტორიაა. მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ, მოწყენილი რომ ვიჯექი მღვდლებსა და მომავალ მღვდლებს შორის გასაშლელ ლოგინზე, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო.
წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე სხვა სამი მეგობარიც დაგვემატა. მივყვებოდით რუსთავის მიკროავტობუსს და შემდეგ ფეხით სამ კილომეტრს გავივლიდით გარდაბნისკენ ციხემდე, რომ გვენახა ჩვენი ახალი მეგობრები.
ლიტერატურის სწავლის მსურველები გადმოდიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში და იქ ვმართავდით მსჯელობას. საოცარი გამოცდილება იყო და გაგრძელდა რამდენიმე წელი ვიდრე აგვისტოს ომამდე. დღესაც ყურში ჩამესმის ბადრაგის ხმა, გაკვეთილზე რომ უხმობდა მაგალითად ერთ-ერთ ,,მოსწავლეს”: ,,ქურდაძე გიგლა, გამოცხადდეს ადმინისტრაციულ კორპუსთან!” არავის მოუყოლია ჩვენთვის იქაურ მძიმე ბედზე, ან გვიმალავდნენ ან კონკრეტულად ის ზონა იყო მსუბუქი. არ ვიცი. ყველა მათგანთან დღემდე ვმეგობრობ – გიგლასთან, იკოსთან, პაპასთან, ლენონასთან, რა ვიცი – ბევრთან. გაზეთიც მაშინდელი ხელფასის ფულით გამოვეცით, რომელიც მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge ედ იქცა.
ჰოდა, არ ვარ მე იოლი ბიოგრაფიის მქონე კაცი, მეგობრებო, რაც გასავლელი და არაგასავლელი იყო, ყველაფერი შემემთხვა და გადავლახე. გამახსენეთ ხოლმე ჩემი ცხოვრების საოცარი ამბები, თუნდაც თქვენეული ინტერპრეტაციით და მე სიმართლეს მოვუყვები ხალხს. და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბინძურ ომს.
თქვენი
გიორგი კეკელიძე”