ბახვი 1 და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ორჯაჭვიანი(ეგხ) „ბახვი1-2“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის საჯარო განხილვა 2023 წლის 27 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც დეტალური პრეზენტაცია განმახორციელებელი კომპანიის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა და კომპანიის ტექნიკური გუნდის წევრმა, ინჟინერმა ვალერი ხაჩიძემ გააკეთეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირის თემში მერის რწმუნებული ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე მთისპირის თემის სოფლებში (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) მცხოვრები მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებიც. „ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით უნდა მივაწოდოთ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სახელმწიფო ელექტროსისტემის ცენტრალურ გადამცემ ხაზს. სწორედ ეს ავუხსენით დღეს მოსახლეობას საჯარო განხილვის ფარგლებში. ცხადია, ჩვენი სტანდარტები უცვლელია, შესაბამისად ამ გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდება იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც უნდა აშენდეს ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები. მთისპირის მოსახლეობა კარგად გვიცნობს, იცნობს ჩვენს პროექტებს და იცის თუ რა ტიპის ღონისძიებები განვახორციელეთ, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. გარემოსდაცვა მნიშვნელოვანი ასპექტია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენთვის“ – განაცხადა პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღინიშნა, რომ კომპანიამ დიდი შრომა გასწია მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მუშაობისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის წარმატებულად გავლის შემდეგ, ხდება გზშ-ს ეტაპზე გადასვა. 110 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2023 წლის 1 მარტს. გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2538 ბახვი ჰესი ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანიაა, რომლის ინვესტორებიც არიან ერთის მხრივ ამერიკული ფონდი, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი და მეორეს მხრივ ავსტრიული კომპანია „ილაგი“. ბახვი ჰესის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე, უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების ზედმიწევნით შესრულებასა და დაცვას. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოსა და რეგიონის განვითარებაზე! |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved