შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში 4 პირი დააკავა 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
უწყების ცნობით, 3 პირს – ი.ხ- ს (მეტსახელად „ხავთასა“); ზ.გ- ს (მეტსახელად „ლეკვი“) და ლ.ა-ს (მეტსახელად „მოლა“) ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ხოლო ერთი – მ.ჩ (მეტსახელად „ხონსკი“) “კანონიერი ქურდობისთვის” მიმართვის ბრალდებითაა დაკავებული.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ ჯ.კ.-ს (მეტსახელად „ჯეირანა“), ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას “კანონიერი ქურდობის” ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა.
თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“ უკავშირდებოდნენ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“კანონიერი ქურდობის”, “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 6-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.