ერთხელ ბატონი ნოდარ დუმბაძე მოსკოვში ჩატარებული რომელიღაც ყრილობის მონაწილე დელეგატთა შორის აღმოჩნდა.
მწერალმა გიორგი ბედინეიშვილმა, მუსიკოსმა ელისო ვირსალაძემ, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა და ნოდარ დუმბაძემ მოსკოვამდე მატარებლით ერთად იმგზავრეს.
ყრილობის ერთ სამუშაო დღეს ნოდარს პროგრამა “ვრემიას” ჟურნალისტი მიუახლოვდა. „რამ მოახდინა ყრილობაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?“ – შეკითხვა დაუსვა. ბატონი გიორგი იმ ინტერვიუს პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებდა.
“გამართული რუსულით, ოღონდ აქცენტით ნოდარი პასუხობს:
– ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, და იგი კუბოს კარამდე დამრჩება, იმან, რომ მოსკოვში მგზავრობის დროს დავუახლოვდი და მთელი არსებით შევიყვარე ბრწყინვალე, დამატყვევებელი ერუდიციისა და სიტყვით გამოუთქმელი სულიერი სინატიფის ქართველი გოგონები ელისო ვირსალაძე და ნონა გაფრინდაშვილი.
ნოდარს ფრაზა არ ჰქონდა დამთავრებული, დავინახე, როგორ გამორთეს კორესპონდენტმა – დიქტოფონი, ოპერატორმა – ტელეკამერა და, ბოლოს, გამნათებელმა – “იუპიტერი”.
– მოიცათ, მეგობრებო, გვითხარით, როდის ვიქნებით ტელევიზორში, ელისოს და ნონას გავაფრთხილებ!
– დღეს, 7 საათზე, ყრილობის დღიურში.
რა თქმა უნდა, ნოდარის უიღბლო ინტერვიუ ეთერში არ გასულა.”