ხმაური იყო გვიან ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტში – სოფელ დაშტაფას ცენტრში მოსახლეობა იყო შეკრებილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებმა საპატრულო პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყებაში ამბობენ, რომ სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ერთ-ერთი ავტომობილის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა შექმნა ავარიული სიტუაცია, რის შემდეგაც მძღოლს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა.
ავტომობილში მყოფმა პირებმა სამართლდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.
ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ტარდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე პირთა დაკავების მიზნით.
წყარო: rustavi2