დღესასწაულებზე პროდუქტებისთვის ფასის მატება საზოგადოებისთვის უცხო არ არის. ისევე, როგორც სხვა დღესასწაულებზე, ხალხი სააღდგომოდაც მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებს.
ბოლო კვირის მანძილზე საზოგადოება ხშირად საუბრობს პროდუქტების ფასის ზრდაზე, რაც მათთვის არასასიამოვნო ფაქტია. არის პროდუქტები, რომლებზეც ფასმა კლება დაიწყო. მაგალითად, გოჭის ფასი თუ 15 ლარი იყო ახლა 13-14 ლარია ცოცხალი წონა.
„გურია ნიუსი“ გაეცნო თუ რა მდგომარეობა იყო წინასააღდგომო ბაზრობაზე ჩოხატაურში. როგორც ბაზარში გვითხრეს, „ძველი კვერცხის მადებარი დედალი“ 30-35 ლარი ღირს; გოჭის ფასი 13-14 ლარია, მამალი ინდაური 100 ლარი ღირს, რომელიც ჩოხატაურის ბაზრობაზე გუშინ მრავლად იყო;
სოფლის ქათმის კვერცხის ჩასაბარებელი ფასი 0.50 თეთრია, ხოლო მისი შეძენას მოსახლეობას 0.60 თეთრად შეეძლო.
ყველის ფასმა დაიწია _ თუ კილოგრამ ყველში 15-18 ლარს იხდიდით, კვირას მის შეძენას ზოგან 10 ლარად, ზოგან კი 13 ლარად შეძლებდით;
ერთი კილოგრამი ნიგვზის ფასი 20 ლარი იყო; საქონლის ხორციის ფასი წინა კვირეებთან შედარებით, ნაკლები იყო _ თუ ადრე კილოგრამ ხორცში ხალხი 20 ლარს იხდიდა, გუშინ ჩოხატაურის ბაზარში მისი ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი.
_ 100 ლარი შევიტანე და აგერ ხედავთ ერთი „სუმკით“ გამოვდივარ. ყველაფერი ძვირია, მაგრამ ძალიან კატასტროფული ფასებიც არ არის, უფრო ნაკლებადაც მიყიდია ყველაფერი, მაგრამ მაინც… თუმცა, რა უნდა ვქნათ, როცა ეს ყველაფერი გვჭირდება?! _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ნინო იაკობაშვილი.
ზოგიერთი კი პირიქით ფიქრობს და ამბობს, რომ სოფლის პროდუქტები უფრო ძირი უნდა ღირდეს.
_ ვფიქრობ, უფრო მეტიც უნდა ღირდეს ეს პროდუქტები, რადგან გლეხის შრომა დაფასდეს. იმ საქონელს, ფრინველს ჭამა ხომ სჭირდება?! წადით, ნახეთ, რა ღირს ქატო, სიმინდი. ჯერ ჩოხატაურის ბაზარი „სულმოუთქმელი ბაზარია“, მწვანილის მეტს აქ ვერაფერს ნახავ, მაგრამ რაც არის, ხარისხიანია. რა უნდა ღირდეს ეს პროდუქტები, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს და გლეხის შრომაც დაფასებული?!
ყველი 17-18 ლარი თუ ღირდა კლიენტი უკმაყოფილო იყო. დღეს 10 ლარი ღირდა ყველი. კლიენტი კმაყოფილი იყო, გამყიდველი _ არა, რა უნდა ვქნათ?
მეც გლეხი ვარ. 100 ლარად გავყიდე ინდაური. იმას გაზრდა ხომ უნდა? რამდენი ჭამა სჭირდება… მე კი ვარ, ასე თუ ისე, კმაყოფილი, მაგრამ კლიენტი? _ არამგონია.
ეს არაფერი არაა. ბაზარია _ ხან აიწევს ფასი და ხან დაიწევს. გლეხის შრომა უნდა დაფასდეს, მაგრამ მაღაზიის დახლზე რომ პროდუქტები ალაგია, იმათი ფასი მართლა გადასახედია. თან როცა პროდუქტების 80% ვადაგასულია, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მეგი ლომთათიძემ.
ავტორი