არამდგრადი ამინდი და დაბალი ტემპერატურა მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში – ამის შესახებ “გურია ნიუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს, დოდო გვაზავას ესაუბრა.
“დასავლეთ საქართველოში 3 მაისის დღის პირველ ნახევრამდე ნარჩუნდება ხანმოკლე ხასიათის წვიმები. ჰაერის ტემპერატურამ დაიკლო და +17 გრადუსი ფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს 4 მაისიდან. უნალექო ამინდი იქნება შაბათის ჩათვლით. 5-6 მაისს შესაძლოა +25, +26 გრადუსიც დაფიქსირდეს. 6 მაისს კი ისევ წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სამხრეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, დედაქალაქშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. შუა დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა. ტემპერატურა დაახლოებით ბარში მოსალოდნელია +14, +19 გრადუსამდე, 3 მაისის ჩათვლით, ხოლო 4 მაისიდან +25, +26 გრადუსი დაფიქსირდება. კვირას ისევ გაწვიმდება აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში”,_ ამბობს გვაზავა.