2021 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, ოზურგეთის ძველი კინო-თეატრის ტერიტორიაზე, უფრო სწორად, ამ ძველი შენობის გვერდით, სახელისუფლებო ინიციატივით, დაიწყეს საზაფხულო კინო-თეატრის მოწყობა.
იდეა ასეთი იყო _ პანდემიის პირობებში, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, როცა დახურულ სივრცეში აკრძალული იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, ეს იქნებოდა ახალგაზრდების თავშეყრის საუკეთესო ადგილი.
იდეა, მართლაც მომხიბვლელი იყო. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში.
შემდეგ კი, როცა არჩევნები დასრულდა, საზეიმოდ გაცხადებული საზაფხულო კინო-თეატრის მშენებლობა თუ მოწყობაც დასრულდა და მერე არავის გახსენებია.
სამაგიეროდ აქ კიდე უფრო დიდი ანტისანიტარიული სივრცე გაჩნდა: კერძოდ, გაუქმდა და სანახევროდ დაინგრა მაშინ აშენებული საპირფარეშო. ეკალ-ბარდი უარესად მოედო მთელ სივრცეს და იქვე მდებარე რამდენიმე ძველი შენობის კედლებს ახლა სურო, ხავსი და ეკლიანი ბარდი ფარავს. ყველაზე საგანგაშო მაინც ამ სივრცის საპირფარეშოდ ქცევაა.
როგორც ცნობილია, ოზურგეთში საკანალიზაციო სისტემა მარადიული პრობლემაა და ნებსით თუ უნებლიედ, საჭიროების შემთხვევაში, ყველა ამ „მოფარებულ ადგილზე“ გარბის მოსასაქმებლად, რომელიც შუაგულ ქალაქშია.
_საზაფხულო კინოთეატრს ვაშენებთო და ქვეწარმავლების საბუდარი და საპირფარეშო სივრცე მოგვიწყვეს. სამი წელია, კატასტროფულად გავერანდა ეს ადგილი. საკვირველი ის არის, რომ დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯგუფი, აქვე, ამ ძველი შენობის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. საკუჭნაოც აქვე აქვთ. ფანჯარა პირდაპირ მაგ სივრცეს გადასცქერის. ახლა, ეს სასაცილო და სატირალი არაა? ასე მოაწყვეს საზაფხულო კინო-თეატრი, რომლის შესახებ, ახლა რომ ჰკითხო, „არაფერი იციან“ , _ ამბობს აქვე, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები.
აღნიშნულ პრობლემაზე მალე ვრცლად გიამბობთ.
ავტორი