„ნაპოლის“ მიერ იტალიის ჩემპიონობის მოპოვებას ბევრი ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემა გამოეხმაურა. ამ კუთხით საინტერესოა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატია.
„როდესაც ლორენცო ინსინიემ, დრის მერტენსმა და კალიდუ კულიბალიმ „ნაპოლი“ დატოვეს, ბევრს ეგონა, რომ სერია A-ში გამარჯვების რეალური შანსი მათთან ერთად წავიდა.
ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სრულიად უცნობი ქართველი გარემარბი და ნაკლებად ცნობილი ნიგერიელი თავდამსხმელი გუნდის ნაწილ-ნაწილ აწყობასა და მის მწვერვალზე აყვანას შეძლებდნენ. რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს თანაგუნდელებიც დაეხმარნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს ორი ფეხბურთელი იყო ის მთავარი ფიგურა, რომლებიც „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულებასა და ტიტულის მოპოვებაში დაეხმარნენ.
ეს არის „ნაპოლის“ პირველი ტიტული მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონამ კლუბი პირველ ორ ჩემპიონობამდე (1987, 1990) მიიყვანა. „ნაპოლიში“ ბევრს არაფერს ელოდნენ, როცა მარცხენა ფლანგზე ინსინიე 22 წლის კვარაცხელიამ შეცვალა. დრიბლინგების ქართველმა ოსტატმა კლუბში თავისი პირველი გოლი სერია A-ში აგვისტოში, სადებიუტო მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა.
ლუჩანო სპალეტის გუნდის წარმატებაში წვლილი სხვა ფეხბურთელებმაც შეიტანეს: „ნაპოლის“ ამ სეზონში ლიგაში ყველაზე მეტი, 69 გოლი აქვს გატანილი. სეზონის წინ გუნდმა დაიმატა კიმ მინ-ჯაე, როგორც კულიბალის შემცვლელი საიმედო მცველი. სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველი სწრაფად შეეგუა იტალიურ ცხოვრებას და სექტემბერში სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
„ნაპოლიმ“ სამხრეთ იტალიას „სკუდეტოს“ ტიტული პირველად მოუტანა მას შემდეგ, რაც „რომა“ ჩემპიონი 2001 წელს გახდა. მას შემდეგ ტიტულებს „იუვენტუსი“ და მილანური გუნდები – „მილანი“ და „ინტერი“ ინაწილებდნენ. დიდი სამეულის დომინირება „რომას“ გარდა, მხოლოდ „სამპდორიამ“ (1991) და „ლაციომ“ (2000) დაარღვიეს მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ბოლო (1990) წარმატება იზეიმა“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.