დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავი აღინიშნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ცოცხალ მემატიანეს, 97 წლის იური ბუაჩიძეს.
ხარაგაულში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი.
იური ბუაჩიძეს მუნიციპალიტეტისგან სასაჩუქრე კალათა და ფულადი თანხა გადაეცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს სამშობლოსთვის შეწირული ადამიანების ხსოვნას.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები – ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები – ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.
ავტორი