18 მაისს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში, უზარმაზარი დღესასწაული შედგა.
აქ, მრავალი წლის შემდეგ, უმაღლეს დონეზე რესტავრირებულ და გარემონტებულ თეატრის შენობაში, კვლავ გაიმართა ბოლო ზარის ზეიმი და, ალბათ, ნიშანდობლივიც იყო, რომ სცენაზე ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის 35 კურსდამთავრებული წარდგა.
მოსწავლეებმა, მათმა პედაგოგებმა, მშობლებმა, სრულიად თეატრის წარმომადგენლებმა და ყველა კეთილმოსურნემ ერთად შეძლეს, ამ სანახაობას უზადო შემსრულებლები ჰყოლოდა და ასეთივე ეფექტი ჰქონოდა.
კლასის ხელმძღვანელის, მაია ღლონტის მრავალმხრივი ნიჭიერების, საკუთარი პროფესიის და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულის ერთობლიობით ნასაზრდოები სცენარის ქარგა, ვირტუოზულობის ეფექტით ეჩვენა მაყურებელს.
_„ ჩვენ მაიასტომელები“ ვართ “ _ ისმოდა საქართველოს მომავლის ხმა სცენიდან და სილაღის, ნიჭიერების, მხატვრული ოსტატობის უნარების ერთობლივი ძალისხმევით თავმოყრამ, შესაძლებელი გახადა, ყველას დაენახა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ღონისძიება. ეს იყო არაჩვეულებრივი ნამდვილი სადღესასწაულო სპექტაკლი!
კლასი-გამონათება, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ, 17 მედალოსნისგან და ასევე ყველა წარმატებული მოსწავლისგან შეკრული შემოქმედებითი თაიგულით, მშობლიურ სკოლას დაემშვიდობა!
დახვეწილი მუსიკალური ნომრები, გამართული და მეტყველი ვიდეომონტაჟები, ცოცხალი და ცინცხალი სვლები სცენის სივცეში და ზომიერი იუმორით გაჯერებული, მუსიკალური ხოტბა თუ ექსპრომტი თითოეულ მასწალებელს! … ამ ყველაფრის წარმოდგენას ხომ უტყუარი ალღო, დიდი ნიჭი და ყველაზე მთავარი, მოსწავლის და პროფესიის უკიდეგანო სიყვარული სჭირდება! და ეს შეძლო სკოლამ, პედაგოგებმა, მშობლებმა და იმ კლასმა, „მაისტომელები“ რომ უწოდეს საკუთარ თავს! ღიად აჩვენეს, რომ თანამედროვე ცივილიზაცია მათ გარეშე უძლურია!
_მასწავლებლობა მუდმივი მოსწავლეობაა და მე კიდევ უფრო გავიზარდე ამათთან ერთად. შიშს გულთან როგორ მიიტან, როცა გყავს ასეთი სუპერკლასი! ჩვენს წინაშეა 30 საოცარი ბავშვი, შემდგარი ადამიანები, რისთვისაც უსაზღვრო მადლობა უნდა გითხრათ მშობლებს, მასწავლებლებს, ყველას… _ განშორების ემოციით ხმაგაბზარული და ცრემლმორეული საუბრობდა კლასის ხელმძღვანელი, მაია ღლონტი.
სკოლის დირექტომა, ფატი სიორიძემ გზა დაულოცა კურსდამთავრებულებს:
_წლების შემდეგ თეატრის სცენა კიდევ ერთხელ აახმიანეს ჩვენმა საუკეთესო მოსწავლეებმა. კიდევ ერთხელ ვიხილეთ მე-12 კლასელთა ბენეფისი. სკოლა არამარტო ცოდნის, არამედ ადამიანად ჩამოყალიბების კერაა და ნებისმიერი სკოლა იამაყებდა თქვენით! ინატრებდა თქვენნაირ მოსწავლეებს! ბევრს ვერფერს ვიტყვი, რადგან აქ თქვენ ყველაფერი თქვით და წარმოადგინეთ! გისურვებთ ისე წარმატებით გევლოთ წინ, რომ მუდამ ადამიანად დარჩენილიყოთ! _ მიმართა კურსდამთავრებულებს ქალბატონმა ფატიმ და მადლობა მოუხადა მოსწავლეებს, პეადაგოგებს, მშობლებს, თეატრს, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ გრანდიოზული დღესასწაულის მოწყობა.
ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უდიდეს მოვლენას, ერთი უძლიერესი კლასი ასე მასშტაბურად გამონათებას:
_ეს ყველაფერი ერთი კლასის შემოქმედებაა. ერთმა კლასმა შეძლო ყველაფერი ასე ლამაზად, უნივერსალურად წარმოედგინა. 17 მედალოსანი ჰყავს ამ კლასს! ამ ყველაფრის გვირგვინი კი , არის კლსის ხელმძღვანელი, პედაგოგი მაია ღლონტი, ვისგანაც კიდევ უფრო მეტს ველოდებით! მე მინდა, ყველა საბოლოოდ ამ ქალაქში დაბრუნდეთ დაამშვენოთ ის! – მიმართა მან ბოლო ზარის მთავარ გმირებს!
კურსდამთავრებულებს მიესალმა ოზურგეთის საკებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია.
_მინდა გისურვოთ საუკეთესო ცხოვრება, ევროპული გზა და მომავალი, რომელიც ჩვენმა სამშობლომ, ჩვენმა ხალხმა აირჩია, _ უთხრა მან ახალგაზრდებს.
ავტორი