ახლახან, ოზურგეთში, 26 მაისის ქუჩაზე, ნისანის მარკის მსუბუქ ავტომობილში, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა, მარინა ჩიხლაძემ, საჭეზე დამხობილი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც კვნესოდა და დახმარებას ითხოვდა.
_მეორე საჯარო სკოლის მხრიდან, ქალაქის ბიბლიოთეკაში მივდიოდი. მსუბუქი ავტომობილიდან, რომელსაც ნახევრად დაბურული მინები ბოლომდე აწეული ჰქონდა, მოგუდული კვნესა ისმოდა. შევჩერდი და ფანჯარაზე დავაკაკუნე. „მიშველეთ, ვაი, მოვკვდი“ , _ მამაკაცი ტკივილისგან იგრიხებოდა, მუცლის არეში ხელებს იჭერდა და კანკალებდა. სასწრაფოდ კარი გამოვაღე და დავრეკე 112-ში. იქვე, ქუჩაში გამვლელი ახალგაზრდები შემომეშველნენ. ძალიან მალე მოვიდა ოზურგეთის პოლიცია და სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მადლობა ყველას, _ ამბობს მარინა ჩიხლაძე.
მამაკაცი, რომელიც საჭესთან გახდა ცუდად და მანქანის გაჩერება მოასწრო, ოზურგეთის მცხოვრებია. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მალევე გადაიყვანეს “მედალფას” კლინიკაში.
ვიმედოვნებთ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი